არჩევნები 2020

იმედი: აქციაზე გიგი უგულავა ჟურნალისტ რუსა შელიას ლამის ფიზიკურად გაუსწორდა

ტაბულა

ტელეკომპანია იმედმა განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, გუშინ, 8 ნოემბერს, ცესკოსთან გამართულ აქციაზე ევროპული საქართველოს გენერალური მდივანი, გიგი უგულავა მათ ჟურნალისტ რუსა შელიას ლამის ფიზიკურად გაუსწორდა.

"იმედის ჟურნალისტის ყველა კითხვას ცინიზმითა და აგრესიით პასუხობდნენ ოპოზიციის ლიდერები. გიგი უგულავა ჟურნალისტ რუსა შელიას ლამის ფიზიკურად გაუსწორდა და აქციის მონაწილეები, რომლებიც ნასვამ მდგომარეობაში ქვებითა და ხელკეტებით იყვნენ შეიარაღებული, თავისი ქცევით წაახალისა, რომ მომხდარიყო ფიზიკური თავდასხმა ჟურნალისტზე". - წერია განცხადებაში.

იმედის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში მოყოლილია მათი რამდენიმე ჟურნალისტის შესახებ, რომლებიც 8 ნოემბრის აქციებს აშუქებდნენ. ტელეკომპანიის ცნობით, ცესკოსთან გამართულ აქციაზე ფიზიკურად გაუსწორდნენ ჟურნალისტ ანუკი გუმბერიძეს, ხოლო ჟურნალისტი ქეთი ფარცხალაძე აგრესიისა და ჩაგვრის ობიექტი იყო.

"აქციაზე ფიზიკურად გაუსწორდნენ ჟურნალისტ ანუკი გუმბერიძეს. მას აქციის ერთ-ერთი მონაწილე, რომელიც, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა, ყელში წვდა და მის დახრჩობას ცდილობდა. ანუკი აქციის მონაწილეების ერთმა ნაწილმა იხსნა საფრთხისგან. აგრესიის და ჩაგვრის ობიექტი იყო ჟურნალისტი ქეთი ფარცხალაძე. მას თავისუფლად გადაადგილებისა და მუშაობის შესაძლებლობას არ აძლევდნენ და შეურაცხმყოფელი სიტყვებისა და მუქარის ფონზე უხდებოდა მოვლენათა ეპიცენტრიდან მუშაობა". – წერია განცხადებაში.

განცხადების მიწურულს, ტელეკომპანიამ სოლიდარობა გამოუცხადა საზოგადოებრივ მაუწყებელს, სადაც იმედის ცნობით, "ჟურნალისტებზეც ანალოგიურად ხორციელდება ზეწოლა" და დიპლომატიურ კორპუსს მოუწოდა შეისწავლონ და რეაგირება მოახდინონ ტერორის ფაქტებზე.

კომენტარები