არჩევნები 2020

იმედი: აქციაზე ფიზიკურად გაუსწორდნენ ჟურნალისტ ანუკი გუმბერიძეს, დახრჩობას ცდილობდნენ

ტაბულა

ტელეკომპანია იმედმა განცხადება გამოაქვეყნა, სადაც წერია, რომ გუშინ, 8 ნოემბერს, ცესკოსთან გამართულ აქციაზე მათ ჟურნალისტ ანუკი გუმბერიძეს, აქციის ერთ-ერთი მონაწილე ფიზიკურად გაუსწორდა და მის დახრჩობას ცდილობდა.

"აქციაზე ფიზიკურად გაუსწორდნენ ჟურნალისტ ანუკი გუმბერიძეს. მას აქციის ერთ-ერთი მონაწილე, რომელიც, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა, ყელში წვდა და მის დახრჩობას ცდილობდა. ანუკი აქციის მონაწილეების ერთმა ნაწილმა იხსნა საფრთხისგან. აგრესიის და ჩაგვრის ობიექტი იყო ჟურნალისტი ქეთი ფარცხალაძე. მას თავისუფლად გადაადგილებისა და მუშაობის შესაძლებლობას არ აძლევდნენ და შეურაცხმყოფელი სიტყვებისა და მუქარის ფონზე უხდებოდა მოვლენათა ეპიცენტრიდან მუშაობა". – წერია განცხადებაში.

იმედის ინფორმაციით, ტელეკომპანია ეთიკის სრული დაცვით აშუქებდა რუსთაველის გამზირზე და შემდეგში უკვე ცესკოსთან გამართულ აქციებს, თუმცა მათ ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე ოპოზიციის ლიდერების მხრიდან პირდაპირი თავდასხმა განხორციელდა.

"იმედის ჟურნალისტის ყველა კითხვას ცინიზმითა და აგრესიით პასუხობდნენ ოპოზიციის ლიდერები. გიგი უგულავა ჟურნალისტ რუსა შელიას ლამის ფიზიკურად გაუსწორდა და აქციის მონაწილეები, რომლებიც ნასვამ მდგომარეობაში ქვებითა და ხელკეტებით იყვნენ შეიარაღებული, თავისი ქცევით წაახალისა, რომ მომხდარიყო ფიზიკური თავდასხმა ჟურნალისტზე". – წერია განცხადებაში.

ტელეკომპანია ასევე წერს, რომ ბოლო პერიოდში ყოფილი სახელისუფლებო გუნდის მხრიდან ჟურნალისტებზე ზეწოლა, შეურაცხმყოფელი რეპლიკები და მუქარები გახშირდა, ასევე ნაციონალური მოძრაობისა და ევროპული საქართველოს აქტივისტების მხრიდან სოციალურ ქსელებში იმედის ჟურნალისტებზე თავდასხმა და ყალბი ინფორმაციების გავრცელება.

"ჟურნალისტების შეურაცხყოფაში მონაწილეობდნენ ის ფიგურები, რომელთა ანგარიშზეცაა 2007 წლის 7 ნოემბერს მოქალაქეების უმოწყალო დარბევა და ტელეკომპანია იმედის ეგზეკუცია. ეს უპასუხისმგებლო ლიდერები დღესაც აგრძელებენ ბულინგისა და სიძულვილის ენის გამოყენებას და მედიის დაშინებას, რაც აფერხებს ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებას და ძირს უთხრის ჩვენი საზოგადოების უმნიშვნელოვანეს მონაპოვარს - დემოკრატიულ მედიაგარემოს". – წერია განცხადებაში.

განცხადების მიწურულს, ტელეკომპანიამ სოლიდარობა გამოუცხადა საზოგადოებრივ მაუწყებელს, სადაც იმედის ცნობით, "ჟურნალისტებზეც ანალოგიურად ხორციელდება ზეწოლა" და დიპლომატიურ კორპუსს მოუწოდა შეისწავლონ და რეაგირება მოახდინონ ტერორის ფაქტებზე.

"ტელეკომპანია იმედი არ შეცვლის თავის სარედაქციო პოლიტიკას და კვლავინდებურად გააგრძელებს პროფესიული სტანდარტის დაცვით მუშაობას. #აქიმედია #გარეჯისაქართველოა". –წერია განცხადებაში.

ოპოზიცის ლიდერები და სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტის შენობასთან გუშინ, 15:00 საათზე შეიკრიბნენ. აქციის დაწყებიდან მალევე მათ მთავარი მოთხოვნები წამოაყენეს.

ოპოზიციამ ხელახალი არჩევნების ჩანიშვნა, ცესკოს მოქმედი თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება მოითხოვა. მათ ქართულ ოცნებას დრო 20:00 საათამდე მისცეს და წამზომი ჩართეს.

მას მერე, რაც ხელისუფლებამ მოთხოვნები არ დააკმაყოფილა, ოპოზიციამ ხალხს სამოქმედო გეგმა გააცნო - მათ ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან გადანაცვლება გადაწყვიტეს. ენმ-ძალა ერთობაშიას ლიდერმა, ნიკა მელიამ თქვა, რომ ხელახალი არჩევნების ჩანიშვნამდე ცესკო-ს შენობაში ვერავინ შევიდოდა და ვერავინ გამოვიდოდა.

მანამ, სანამ ოპოზიციის წევრები და აქციის მონაწილეთა უმრავლესობა გზაში იყო, ცესკოსთან აქტივისტთა ნაწილი შეიკრიბა. მათი ნაწილი რკინის ჯებირებზე ქვებს აბრახუნებდა. ჯებირებს მიღმ სპეცრაზმისა და პოლიციის მრავალრიცხოვანი შემადგენლობა და ტექნიკა იდგა. მომიტინგეები ძალოვნებმა წყლის ჭავლით დაშალეს. უწყებამ გადაწყვეტილება, რომელიც ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე სახალხო დამცველის მიერ დანაშაულად და უსაფუძვლოდ შეფასდა, "გადაუდებელი აუცილებლობით" ახსნა.

აღსანიშნავია ისიც, რომ წყლის ჭავლი გაუფრთხილებლად გამოიყენეს. აქტივისტები ამის შესახებ წინასწარ არავის გაუფრთხილებია და მათთვის დაშლისკენ არავის მოუწოდებია.

პარალელურად, ბრიფინგი გაიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროში, სადაც თქვეს, რომ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ პროპორციული ძალა გამოიყენეს. ქართულ ოცნებაში კი ამბობდნენ, რომ "როცა თავს დამესხმებით, გაფრთხილებას ვერ დავიწყებ, მარტივი იურიდიული კაზუსია."

რუსთაველიდან ფეხით მომავალი ოპოზიციის ლიდერებისა და პროტესტტის სხვა მონაწილეების შემოერთებიდან მალევე, სპეცრაზმმა წყლის ჭავლის გამოყენება განაახლა. აქტივისტების დასარბევად იყენებდნენ ხელკეტებსაც. მოქალაქეთა ნაწილი ამბობს, რომ გაუშვეს აირიც, რასაც შინაგან საქმეთა სამინისტრო უარყოფს და დეზინფორმაციას უწოდებს.

დარბევის დაშავდა რამდენიმე ადამიანი. დაშავებულებს შორის არიან მედიის წარმომადგენლები.

მანამ, სანამ მოთხოვნები არ შესრულდება, ოპოზიციის წარმომადგენლები უწყვეტ საპროტესტო აქციებს გეგმავენ.

8 ნოემბერი – აქციის დარბევის ქრონოლოგია იხილეთ აქ.

კომენტარები