არჩევნები 2020

"გადაუდებელი აუცილებლობა" – შსს-ს პასუხი, თუ რატომ გამოიყენეს წყლის ჭავლი

ტაბულა

შინაგან საქმეთა სამინისტრო პასუხობს კითხვას, თუ რატომ გამოიყენეს გაუფრთხილებლად წყლის ჭავლი ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან. 

"კანონი პოლიციის შესახებ 31-ე მუხლის თანახმად, იმ შემთხვევაში, როცა არის გადაუდებელი აუცილებლობა და როცა შესაძლებელია, ძალადობამ გამოიწვიოს პოლიციელის ან სხვა პირის სიცოცხლის და ჯანმრთელობის ხელყოფა, ან სხვა მძიმე შედეგი, პოლიციას აქვს უფლება, გამოიყენოს ჭავლი, მათ შორის, სპეციალური საშუალება." - თქვეს ბრიფინგზე. 

აღსანიშნავია, რომ სპეცრაზმმა აქტივისტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გაუფრთხილებლად რამდენჯერმე გამოიყენა. აქტივისტების წინააღმდეგ ჭავლის გამოყენებამდე ისინი არცერთხელ არ გაუფრთხილებიათ და არც დაშლისკენ მოუწოდებიათ. ასევე, თვითმხილველთა ინფორმაციით, გაუშვეს აირიც, რასაც უწყება უარყოფს. შსს-ს განცხადების მიხედვით, "აქციის მონაწილეები ძალადობრივ მეთოდებს იყენებდნენ, გამოვიყენეთ პროპორციული ძალა."

პარლამენტთან გამართული საპროტესტო აქციის შემდეგ ოპოზიციის წევრებმა და მათმა მხარდამჭერებმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან გადანაცვლება გადაწყვიტეს. ენმ-ძალა ერთობაშიას ლიდერის, ნიკა მელიას თქმით, შენობაში ვერავინ შევა და გავა, მანამ, სანამ ახალი არჩევნები არ ჩატარდება.

ოპოზიციამ ქართულ ოცნებას დრო 20:00 საათამდე მისცა. მათი მთავარი მოთხოვნა თამარ ჟვანიას გადაყენება, ახალი არჩევნების ჩატარება და პოლიტპატიმრების გათავისუფლება იყო. მას შემდეგ, რაც დრო ამოიწურა, ოპოზიციამ ცესკოსთან გადანაცვლება გადაწყვიტა.

კომენტარები