არჩევნები 2020

შსს: ნებისმიერ სამართალდარღვევაზე პოლიციას ექნება მკაცრი და მყისიერი რეაგირება

ტაბულა

"აქციის დროს ნებისმიერ სამართალდარღვევის ფაქტზე პოლიციას ექნება მკაცრი და მყისიერი რეაგირება." - თქვეს შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე.

"შსს წარმოადგენს მართლწესრიგზე პასუხისმგებელ უწყებას. სამინისტრო მთელი დღის განმავლობაში უზრუნველყოფდა აქციაზე უსაფრთხოების და მართლწესრიგის დაცვას და თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას. მთელი დღის განმავლობაში აქცია არ გასცდენია კანონით დასაშვებ ფარგლებს. დღის ბოლოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან მიმდინარე აქციის მონაწილეებმა სცადეს ძალადობროვად მოერღვიათ ჯებირი და შეჭრილიყვნენ ცესკოს ტერიტორიაზე, რაც კადრებშიც კარგად ჩანს. აღნიშნულის საშუალება არ მისცა პოლიციამ. მიუხედავად არაერთი მითითებისა, აქციის მონაწილეებმა გააგრძელეს ძალადობრივი მეთოდების გამოყენება და არ დაემორჩილდნნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას. რის შემდეგაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ იმოქმედა კანონის შესაბამისად და გამოიყენა პროპორციული ძალა.

შსს, როგორც მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, აქციის ორგანიზატორებს, აქციის წევრებს და მონაწილე პირებს, დაიცვან მართლწესრიგი, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას. ასევე, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ აქციის დროს ნებისმიერ სამართალდარღვევის ფაქტზე, პოლიციას ექნება მკაცრი და მყისიერი რეაგირება." - თქვეს ბრიფინგზე. 

მათივე ინფორმაციით, აქციაზე აქტივისტთა წინააღმდეგ გაზი არ გამოუყენებიათ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან სპეცრაზმმა წყლის ჭავლი გაუფრთხილებლად, კანონის დარღვევით გაუშვა. აქტივისტების წინააღმდეგ ჭავლის გამოყენებამდე ისინი არცერთხელ არ გაუფრთხილებიათ და არც დაშლისკენ მოუწოდებიათ. ასევე, თბითმხილველტა ინფორმაციით, გაუშვეს აირიც. შსს-ს განცხადების მიხედვით, "აქციის მონაწილეები ძალადობრივ მეთოდებს იყენებდნენ, გამოვიყენეთ პროპორციული ძალა."

პარლამენტთან გამართული საპროტესტო აქციის შემდეგ ოპოზიციის წევრებმა და მათმა მხარდამჭერებმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან გადანაცვლება გადაწყვიტეს. ენმ-ძალა ერთობაშიას ლიდერის, ნიკა მელიას თქმით, შენობაში ვერავინ შევა და გავა, მანამ, სანამ ახალი არჩევნები არ ჩატარდება.

ოპოზიციამ ქართულ ოცნებას დრო 20:00 საათამდე მისცა. მათი მთავარი მოთხოვნა თამარ ჟვანიას გადაყენება, ახალი არჩევნების ჩატარება და პოლიტპატიმრების გათავისუფლება იყო. მას შემდეგ, რაც დრო ამოიწურა, ოპოზიციამ ცესკოსთან გადანაცვლება გადაწყვიტა.

კომენტარები