არჩევნები 2020

ხაზარაძე: ამ პარლამენტში არავინ შევა, მოღალატეებთან, ხმის ქურდებთან საქმე არ უნდა დაიჭირო

დღეს ლელო, სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, შეიკრიბა იმისათვის, რომ ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს ტყუილი, ვერავინ ვერ გაბედოს თავისუფალი მოქალაქის ხმის წართმევა. დღეს ჩვენ სხვადასხვა პარტიას წარმოვადგენთ, მაგრამ დღეს ყველაზე დიდი პარტია არის საქართველო. უნდა ავმაღლდეთ თითოეული პარტიის დონედან და ვიფიქროთ ჩვენ ქვეყანაზე. ქვეყანა, რომელიც გამუდმებით იბრძვის თავისუფლებისთვის, ქვეყანა, რომელსაც ბედისწერად აქვს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა. 

მეგობრებო, ყველას დიდი მადლობა, ვინც ეს პროტესტი გამოხატა. მოგიწოდებთ ყველას, რომ ბრძოლა იქნება უკომპრომისო, იმიტომ, რომ ბრძოლა ეხება ჩვენს ქვეყანას, ჩვენ სამშობლოს, ჩვენს ხვალინდელ დღეს. ამ ბრძოლას ჩვენ აუცილებლად მოვიგებთ. 

დღეს ილიას დაბადების დღეა, დიახ, ამდენი ხნის მერე კიდევ აქტუალურია ყველაზე მთავარი საკითხი - ვის ეკუთვნის ეს ქვეყანა? გვეკუთვნის ჩვენ ეს ქვეყანა? აქ დგომით ჩვენ ვამბობთ, რომ ეს ქვეყანა გვეკუთვნის ჩვენ და არავის არ დავუთმობთ ამ ქვეყანას. არც თავისუფლებას დავუთმობთ არავის, იმიტომ, რომ ქვეყნის დამონება იწყება ადამიანის შეშინებით, ქვეყნის დამონება იწყება ყველაზე მთავარი, ღმერთისგან ბოძებული სიტყვის წართმევით, ხმის წართმევით. მე გეუბნებით, ყველა ხმა იქნება დაცული, ყოველგვარი პარტიული მიკუთვნების გარეშე, ჩვენ გვჭირდება ერთიანობა, სამართლიანი სახელმწიფო, სამართლიანი სასამართლო, კანონის უზენაესობა, თუ გვინდა, რომ ამოვიდეთ ამ ჭაობიდან - მენტალური და ეკონომიკური ჭაობიდან.  

მითხრეს, რომ ამ არჩევნებზე, დაახლოებით, 80 000 ახალგაზრდა მივიდა პირველად და ხმა მისცა. მე გეკითხებით, რა უნდა ვუთხრათ ამ შვილებს? გავატაროთ? ვითომ, არაფერი არ მოხდა? ასე არ გამოვა. ჩვენ თითოეული ამ შვილის ხმა უნდა დავიცვათ. ამ პარლამენტში არავინ არ შევა, იმიტომ, რომ მოღალატეებთან, ხმის ქურდებთან საქმე არ უნდა დაიჭირო.  

თავისუფლება არ არის ერთჯერადი აქტი, თავისუფლება არის ყოველდღიური ბრძოლა. ჩვენ ამ ქვეყანას არ დავუთმობთ არც ბიძინას, არც ოცნებას, არც რუსეთს. გაუმარჯოს გულანთებულ საქართველოს...

ამბობს ლელოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე. დღეს, 8 ნოემბერს, პარლამენტთან ოპოზიციის წარმომადგენლები და აქტივისტები საპროტესტო აქციას მართავენ. მათი მთავარი მოთხოვნა განახლებული საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ხელახლა ჩატარებაა.

კომენტარები