არჩევნები 2020

კობახიძე ოპოზიციის აქციაზე: მათ გეგმებს, გარდა კოვიდის გავრცელებისა, აღსრულება არ უწერია

"არავითარი რისკის შემცველი ეს აქცია არაა, გარდა ერთისა, ესაა კოვიდის გავრცელება". –  ასე ეხმაურება ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ოპოზიციური პარტიების საერთო აქციას საარჩევნო შედეგებთან დაკავშირებით.

კობახიძის მტკიცებით, ოპოზიციას 12 000 ადამიანის შეკრება აქვს დაგეგმილი, თუმცა, მისივე თქმით, როგორც "ოცნებისთვისაა" ცნობილი, ბევრად ნაკლების მობილიზებას ახერხებენ.

"მათ ბათუმიდან მოახერხეს ვირუსის ექსპორტირება, სამწუხაროდ, სხვა რაიონებში. იგივეს აპირებენ ახლა თბილისიდან სხვა რაიონებში, რაც არის კიდევ ერთი მაჩვენებელი ამ პოლიტიკური ძალის სახის, ისინი არ უფრთხილდებიან საკუთარ მოქალაქეებს. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, მათ გეგმებს, გარდა კოვიდის გავრცელებისა, აღსრულება არ უწერია". – ამბობს კობახიძე ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

დღეს, 8 ნოემბერს, 15:00 საათზე ოპოზიციური პარტიები საერთო აქციას გამართავენ. ცნობისთვის, ყველა ოპოზიციურმა პარტიამ არჩევნების შედეგებს ბოიკოტი გამოუცხადა და არცერთი მათგანი საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში არ შედის. მანდატებზე უარი თქვეს ევროპულმა საქართველომ, ლელომ, ლეიბორისტულმა პარტიამ, გირჩმა, ენმ-ძალა ერთობაშიამ, სტრატეგია აღმაშენებელმა, მოქალაქეებმა და პუტინისტურმა პატრიოტთა ალიანსმა.

ვრცლად გაყალბების რა მასშტაბზე საუბრობს ოპოზიცია – იხილეთ აქ.

კომენტარები