არჩევნები 2020

დეკანოიძე: "ოცნებამ" გადაწყვიტა, კომენდანტის საათით შეამციროს ადამიანების მიმოსვლა აქციებზე

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრისა და ისანში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ხატია დეკანოიძის თქმით, ქართულმა ოცნებამ საპროტესტო აქციებზე ადამიანების მიმოსვლის შემცირება კომენდანტის საათითა და ქალაქების ჩაკეტვით გადაწყვიტა.

"რა თქმა უნდა, ქართულმა ოცნებამ გადაწყვიტა, რომ ამ კომენდანტის საათით და ქალაქების ჩაკეტვით შეამციროს ადამიანების მიმოსვლა აქციებზე და ზუსტად, იმის მაგივრად, რომ გაყალბებული არჩევნების საჩივრები განეხილა და იმის მაგივრად, რომ ყველა სარჩელი დაეკმაყოფილებინა, იმიტომ რომ წარმოუდგენელი მასშტაბის გაყალბებაზეა საუბარი და მათ შორის მიეღო ჩვენი წინადადება ახალ არჩევნებზე და ახალ საარჩევნო ადმინისტრაციაზე, ამის სანაცვლოდ კომენდანტის საათი დააწესა". – ამბობს დეკანოიძე.

9 ნოემბრიდან, დიდ ქალაქებში – თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, ზუგდიდი, გორი, ფოთი – 22:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილება იზღუდება, როგორც ქვეითად, ისე – სატრანსპორტო საშუალებებით.

8 ნოემბერს თბილისში ოპოზიციური პარტიების მიერ ორგანიზებული აქცია იმართება. ყველა ოპოზიციურმა პარტიამ არჩევნების შედეგებს ბოიკოტი გამოუცხადა და არცერთი მათგანი საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში არ შედის. მანდატებზე უარი თქვეს ევროპულმა საქართველომ, ლელომ, ლეიბორისტულმა პარტიამ, გირჩმა, ენმ-ძალა ერთობაშიამ, სტრატეგია აღმაშენებელმა, მოქალაქეებმა და პუტინისტურმა პატრიოტთა ალიანსმა.

კომენტარები