არჩევნები 2020

გახარია საარჩევნო დარღვევებზე: უნდა გვახსოვდეს, რომ გარდამავალი დემოკრატია ვართ

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია ტელეკომპანია იმედთან საუბარში ამბობს, რომ საარჩევნო პროცესში დარღვევები იყო, თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ გარდამავალი დემოკრატია ვართ.

"31 ოქტომბრის არჩევნები საყოველთაო საერთაშორისო დონეზე აღიარებული იყო, როგორც დემოკრატიის ფუნდამენტური უფლებების შესაბამისი არჩევნები. რა თქმა უნდა, ხარვეზები არსებობდა. ჩვენ გარდამავალი დემოკრატია ვართ და ეს ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს. ხარვეზები და დემოკრატიული განვითარება არსებობს იმისთვის, რომ მსგავს ხარვეზებს ვუპასუხოთ შესაბამის დემოკრატიულ ფორმატებში, სამართლებრივი პროცედურების გავლით და არა ქუჩაში, განსაკუთრებით ეპიდემიოლოგიური და ეკონომიკური კრიზისის პირობებში". - თქვა მან.

გახარიას ირწმუნება, რომ ხარვეზები გამოსწორებადია სამართლებრივი გზით:

"გვჯერა, რომ ნებისმიერი ხარვეზი, რომელიც არსებობდა, არის გამოსწორებადი და ჩვენ ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ერთად. არ დაგვავიწყდეს საქართველოს მოქალაქეების მიერ გაკეთებული არჩევანი – პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში 9 პოლიტიკური პარტიისთვის მანდატის მინიჭება. ეს პასუხისმგებლობის მინიჭება იყო. ეს იყო დავალება 24 საათი ვიშრომოთ ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად და არა ქუჩის აქციების მოსაწყობად. ხარვეზები, რომლებიც არსებობდა, რა თქმა უნდა, უნდა დადგინდეს, უნდა მოხდეს შესაბამისი სამართლებრივი გამოკვლევა და უნდა მიეცეს შესაბამისი სამართლებრივი შეფასება".

ის გამოეხმაურა ეუთო/ოდირის შეფასებას იმის თაობაზე, რომ ხელისუფლებას და მმართველ პარტიას შორის ზღვარი არ იყო გამიჯნული:

"მსგავსი ნიუანსები არის დემოკრატიული პროცესის ხარისხის მაჩვენებელი. ამაზე ჩვენ ჩვენს დასავლელ კოლეგებთან წინასაარჩევნო პროცესშიც გვილაპარაკია. თქვენ თუ გულისხმობთ იმას, მაგალითად, რომ, როგორც პრემიერმინისტრი, სიის პირველი ნომერი [ვარ], რაც, ერთი მხრივ მიანიშნებს გარკვეულ შერწყმას, ამას კანონი არ კრძალავს. მსგავსი გაუმჯობესებები და სრულყოფები ჩვენი დემოკრატიული პროცესის, რა თქმა უნდა, უნდა გაგრძელდეს. ამას შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები სჭირდება და ამისთვის ჩვენ მზად ვართ. ჩვენ ეს მზაობა ბოლო 8-9 თვის განმავლობაში ვაჩვენეთ, როდესაც საარჩევნო სისტემა რევოლუციური გარდაქმნებით მოვიტანეთ ამ არჩევნებამდე". - თქვა მან.

შეგახსენებთ, რომ ყველა ოპოზიციურმა პარტიამ არჩევნების შედეგებს ბოიკოტი გამოუცხადა და არცერთი მათგანი საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში არ შედის. მანდატებზე უარი თქვეს ევროპულმა საქართველომ, ლელომ, ლეიბორისტულმა პარტიამ, გირჩმა, ენმ-ძალა ერთობაშიამ, სტრატეგია აღმაშენებელმა, მოქალაქეებმა და პროპუტინურმა პატრიოტთა ალიანსმა.

საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები არჩევნების პროცესში მოსყიდვაზე, დაშინებასა და ძალადობრივ ინციდენტებზე ლაპარაკობენ, თუმცა, მიუხედავად ამისა, მიიჩნევენ, რომ არჩევნების შედეგები ლეგიტიმურია, არჩევნები კონკურენტუნარიანი იყო და მეტნაკლებად დაცული იყო ძირითადი თავისუფლებები.

ადგილობრივი დამკვირვებლები კი არაერთ ხარვეზსა და დარღვევაზე მიუთითებენ. გამოქვეყნდა ISFED-ის (სამართლიანი არჩევნები) ხმების პარალელური დათვლის შედეგებიც, რომლის მიხედვითაც, ქართულმა ოცნებამ ხმების 45.8% მიიღო, ენმ-ძალა ერთობაშიამ – 26.4%, ევროპულმა საქართველომ – 3.7%. ცდომილების ხარისხი 0.7%-ია.

ამასთან, სამართლიანი არჩევნების შემაჯამებელი ანგარიშის მიხედვით საარჩევნო უბნების 8%-ზე დაფიქსირდა შემაჯამებელი ოქმების დისბალანსის შემთხვევები, რაც გულისხმობს ბიულეტენების ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობაზე მეტობას.

"მიუხედავად იმისა, რომ ამ ტენდენციას, შესაძლოა, გარკვეული გავლენა მოეხდინა საარჩევნო სუბიექტების მიერ ნაჩვენებ შედეგებზე, PVT ანალიზი აჩვენებს, რომ შედეგებზე შესაძლო მაქსიმალური გავლენა იქნებოდა 4.1%-ზე ნაკლები" – წერს ორგანიზაცია.

ყველა სიახლე იხილეთ ტაბულას პორტალზე – არჩევნები 2020.

კომენტარები