არჩევნები 2020

მდინარაძე: ვნახეთ, წელში იარაღგარჭობილი შაშკინი როგორ გოიმურად იკეთებდა რეკლამირებას

"ვნახეთ წელში იარაღგარჭობილი შაშკინი როგორ გოიმურად, უკაცრავად ამ გამოთქმისთვის, იკეთებდა რეკლამირებას." - ამბობს ქართული ოცნების წევრი, მამუკა მდინარაძე ენმ-ძალა ერთობაშიას წევრზე, დიმიტრი შაშკინზე საუბრისას. 

მამუკა მდინარაძე სუს-ში ირაკლი კობახიძის დაბარებას ეხმაურება. კობახიძის თქმით, უწყებას მიაწოდა "ინფორმაცია რევოლუციური სცენარის შესახებ." 

"ჩვენ ამის შესახებ დღეს არ დაგვიწყია საუბარი. ჩვენ საზოგადოება საქმის კურსში ჩავაყენეთ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე. ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით, რასაც დღეს უსაფრთხოების სამსახური იძიებს, ჩვენ წინასწარ გვქონდა ინფორმაცია. ირაკლი კობახიძემ გამოკითხვის დროს მიუთითა წყაროს შესახებაც, დეტალურად, სახელები და გვარები, ვინ იღებს მონაწილეობას. დანარჩენი მათი გადასაწყვეტია. მტკიცებულებები თუ იქნება, შესაბამისად, იქნება სამართლებრივი რეაგირება. მტკიცებულებების გარეშე, თუ მხოლოდ ინფორმაცია იქნება, ბუნებრივია, ამას სამართლებრივი რეაგირება ვერ მოჰყვება.  

ჩვენ წინა დღეებში ვლაპარაკობდით კონკრეტულ ადგილებზე, სადაც ეს დესტრუქცია იქნებოდა და ზუსტად იმ ადგილებზე იყო პროვოკაცია - გლდანში, ბოლნისში და ა.შ. ჩვენ ვლაპარაკობდით, ვინ მოუწოდებდა და ვინ იქნებოდა დესტრუქციული, იარაღებზე, ელექტროშოკებზე და შემდეგ ვნახეთ წელში იარაღგარჭობილი შაშკინი, როგორ გოიმურად, უკაცრავად ამ გამოთქმისთვის, იკეთებდა რეკლამირებას. ყველაფერი, რაც მოვუყევით საზოგადოებას, ახდა პუნქტობრივად." - ამბობს მდინარაძე. 

31 ოქტომბერს სოციალურ ქსელში ფოტოები გავრცელდა, სადაც ჩანს, როგორ გადაადგილდება დიმიტრი შაშკინი ბოლნისში იარაღით. შაშკინმა თქვა, რომ იარაღის ტარების უფლება აქვს და ის საარჩევნო უბანზე არ ყოფილა.

კომენტარები