არჩევნები 2020

ლომჯარია ოპოზიციას: აქციებზე უზრუნველყავით ვირუსის პრევენციისთვის დადგენილი წესების დაცვა

სახალხო დამცველი

სახალხო დამცველი შექმნილ მძიმე ეპიდემიოლოგიურ ვითარებასა და მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით საგანგებო მიმართვას ავრცელებს. ომბუდსმენის ცნობით, ბოლო პერიოდში ქვეყანაში ყოველდღიურად მნიშვნელოვნად იმატებს COVID-ინფიცირებულთა რიცხვი და იზრდება გარდაცვლილთა რაოდენობაც.

"ჯანდაცვის სექტორში შექმნილი ურთულესი ვითარების პარალელურად, ქვეყანაში ძალიან გაზრდილია მოსახლეობის მობილობა. განსაკუთრებით საგულისხმოა არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით საჩივრების განხილვისა და სხვადასხვა საარჩევნო უბნის შედეგების ხელახალი გადათვლის მოთხოვნით მიმდინარე საპროტესტო აქციები, რა დროსაც ვერ ხერხდება სოციალური დისტანციის და შესაბამისი უსაფრთხოების წესების დაცვა. ეს, ცხადია, კიდევ უფრო ზრდის ინფიცირების რისკებს და ამძიმებს ეპიდემიოლოგიურ ვითარებას". – ნათქვამია ომბუდსმენის მიმართვაში.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გატარდეს შესაბამისი ღონისძიებები სამედიცინო სექტორზე გაზრდილი დატვირთვის რაციონალური გადანაწილებისა და შემცირებისათვის, რათა სამედიცინო პერსონალს მიეცეს შესაძლებლობა, ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება გაუწიოს, როგორც დაინფიცირებულ პაციენტებს, ასევე სხვა მოწყვლად ჯგუფებს.

ამის გათვალისწინებით, სიცოცხლის და ჯანმრთელობის უფლების დაცვაზე ზედამხედველების კონსტიტუციური ვალდებულების და საკუთარი მანდატის ფარგლებში, საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს:

ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს

შექმნილი ძალიან მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, საპროტესტო აქციების ორგანიზების პროცესში უზრუნველყონ ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის დადგენილი ყველა
წესის და შეზღუდვის განუხრელად დაცვა, რაც შეამცირებს ადამიანების ჯამრთელობისა და სიცოცხლისთვის მიყენებულ ზიანს.

საქართველოს მთავრობას

ქვეყანაში COVID-19-ით დაინფიცირების ტემპის შენელების მიზნით, უზრუნველყოს უკვე დადგენილი ყველა პრევენციული ღონისძიების ეფექტიანი აღსრულება.

საქართველოს მოსახლეობას

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოში მცხოვრებ ყველა პირს, განუხრელად შეასრულონ ის მოთხოვნები და რეკომენდაციები, რომლებიც უკავშირდება კარანტინს და თვითიზოლაციას; ასევე, პირბადით სწორად სარგებლობას, მათ შორის, უკვე ღია სივრცეებში, ჰიგიენური წესების და სოციალური დისტანციის დაცვას, რაც დღეს ერთადერთი და ყველაზე ეფექტიანი გზაა საკუთარი და სხვა ადამიანების ჯანმრთელობისა
და სიცოცხლის უფლების დასაცავად.

ყველა ოპოზიციურმა პარტიამ არჩევნების შედეგებს ბოიკოტი გამოუცხადა და არცერთი მათგანი საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში არ შედის. მანდატებზე უარი თქვეს ევროპულმა საქართველომ, ლელომ, ლეიბორისტულმა პარტიამ, გირჩმა, ენმ-ძალა ერთობაშიამ, სტრატეგია აღმაშენებელმა, მოქალაქეებმა და პროპუტინურმა პატრიოტთა ალიანსმა

საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები არჩევნების პროცესში მოსყიდვაზე, დაშინებასა და ძალადობრივ ინციდენტებზე ლაპარაკობენ, თუმცა, მიუხედავად ამისა, მიიჩნევენ, რომ არჩევნების შედეგები ლეგიტიმურია, არჩევნები კონკურენტუნარიანი იყო და მეტნაკლებად დაცული იყო ძირითადი თავისუფლებები.

ადგილობრივი დამკვირვებლები კი არაერთ ხარვეზსა და დარღვევაზე მიუთითებენ. გამოქვეყნდა ISFED-ის (სამართლიანი არჩევნები) ხმების პარალელური დათვლის შედეგებიც, რომლის მიხედვითაც, ქართულმა ოცნებამ ხმების 45.8% მიიღო, ენმ-ძალა ერთობაშიამ – 26.4%, ევროპულმა საქართველომ – 3.7%. ცდომილების ხარისხი 0.7%-ია.

ამასთან, სამართლიანი არჩევნების შემაჯამებელი ანგარიშის მიხედვით საარჩევნო უბნების 8%-ზე დაფიქსირდა შემაჯამებელი ოქმების დისბალანსის შემთხვევები, რაც გულისხმობს ბიულეტენების ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობაზე მეტობას.

"მიუხედავად იმისა, რომ ამ ტენდენციას, შესაძლოა, გარკვეული გავლენა მოეხდინა საარჩევნო სუბიექტების მიერ ნაჩვენებ შედეგებზე, PVT ანალიზი აჩვენებს, რომ შედეგებზე შესაძლო მაქსიმალური გავლენა იქნებოდა 4.1%-ზე ნაკლები" – წერს ორგანიზაცია.

ყველა სიახლე იხილეთ ტაბულას პორტალზე – არჩევნები 2020.

6 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 775 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 22 ადამიანი. გამოჯანმრთელდა 3 560 პაციენტი.

ქვეყანაში სულ კორონავირუსის 51 993 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 37 019 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 423 კი გარდაიცვალა. 

კომენტარები