ეკონომიკა

Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში 1 დოლარი 3.42 ლარი ღირს

ეროვნული ბანკი

ვალუტის სავაჭრო უმსხვილეს პლატფორმაზე, ლარი სავაჭრო დღის გახსნის მომენტიდან მკვეთრად უფასურდება.

Bloomberg-ის სისტემაში 1 დოლარის ღირებულება ამ დროისთვის 3.42 ლარს აღემატება. სავაჭრო დღის გახსნის შემდეგ ლარი პლატფორმაზე 5 თეთრით არის გაუფასურებული.

ცხადია, ეს არ არის ოფიციალური გაცვლითი კურსი, თუმცა კარგად აჩვენებს ბაზარზე არსებულ მოლოდინებს სხვადასხვა ქვეყნის ვალუტასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, მოსალოდნელია, რომ ეს ლარის ოფიციალურ კურსზეც აისახება, რომელსაც ეროვნული ბანკი 17:00 საათზე გამოაცხადებს. 

მოქმედი გაცვლითი კურსის მიხედვით, 1 დოლარის ღირებულება 3.3409 ლარია, ხოლო 1 ევროსი – 3.9042 ლარი. 

2 ნოემბერს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე კიდევ 60 მილიონი დოლარი გაყიდა. სებ-მა ლარის კურსის სტაბილურობისთვის ეს არაერთხელ გააკეთა. მხოლოდ სექტემბერ-ოქტომბერში სებ-მა 320 მილიონი დოლარის რეზერვი გაიტანა სავალუტო ბაზარზე. მთლიანად, მიმდინარე წელს კი ეროვნულმა ბანკმა 709 მილიონი დოლარი გაყიდა.

საქართველოს ეროვნული ვალუტის კურსი განსაკუთრებით დაეცა პანდემიის შედეგად ჩაკეტილი საზღვრებისა და რამდენიმეთვიანი კარანტინის ფონზე. 8 თვის წინ, პანდემიის დაწყებამდე, 2020 წლის 23 თებერვალს ერთი ევროს ოფიციალური კურსი  3.0571 ლარი იყო, ხოლო 1 აშშ დოლარის – 2.8299 ლარი. ამ პერიოდში ლარი დოლართან 51 თეთრით, ხოლო ევროსთან 84 თეთრით გაუფასურდა.

კომენტარები