არჩევნები 2020

დეკანოიძე: ისნის საოლქო კომისიასთან ენმ-ს დეპუტატობის კანდიდატი გიორგი კაპანაძეც დააკავეს

მთავარი არხი/screenshot

ენმ-ძალა ერთობაშიას წევრი ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ ისნის საოლქო საარჩევნო კომისიასთან დაკავებულებიდან ერთ-ერთი ენმ-ს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი კაპანაძეა. 

დეკანოიძის თქმით, კანდიდატის დაკავების უფლება, მხოლოდ ცესკოს დადგენილების შემდეგ აქვთ, ის მოუწოდებს შსს-ს, დაუყონებლივ გაათავისუფლონ კაპანაძე. 

"დააკავეს გიორგი კაპანაძე, დეპუტატობის კანდიდატი, ერთ-ერთი. გათიშული იყო, უგონო მდგომარეობაში, ნახევრად გახდილი, თრევათრევით წაიყვანეს. კანდიდატის დაკავების უფლება არის შესაძლებელი მხოლოდ და მხოლოდ ცესკოს დადგენილების შემდეგ. მოვუწოდებ შსს-ს, დაუყონებლივ გაათავისუფლონ, წარმოუდგენელი უკანონობაა რაც აქ ხდება". - ამბობს დეკანოიძე. 

გიორგი კაპანაძე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატია საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის ოლქში. 

შინაგან საქმეთა სამინისტრო ისნის საოლქო საარჩევნო კომისიასთან 6 პირის დაკავებას ადასტურებს, თუმცა კადრებში ჩანს, რომ პოლიციამ კიდევ რამდენიმე ადამიანი ჩასვა მანქანაში. როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, ჯერჯერობით, არ აქვთ ინფორმაცია, კიდევ რამდენი ადამიანი დააკავეს ისნის საოლქო კომისიასთან. 

საოლქო კომისიებთან, სადაც საჩივრებს განიხილავენ, ოპოზიციის წევრები და აქტივისტები აქციას მართავენ. აქცია იმართება საბურთალოზე, გლდანში, ისანში, სამგორში, წყალტუბოსა და ბათუმში. ოპოზიციის წევრები ითხოვენ, რომ საჩივრების განხილვას დაესწრონ, რის საშუალებასაც მათ სამართალდამცავები არ აძლევენ.

კომენტარები