არჩევნები 2020

ხოშტარია: ვაკის ოლქში იყო გაყალბებული ხელმოწერები, გამოვლინდა ე.წ. კარუსელის შემთხვევაც

ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ, იმ დარღვევებზე ისაუბრა, რომელიც არჩევნებზე, ვაკის ოლქში გამოვლინდა. 

მან გამართულ ბრიფინგზე კონკრეტული ოქმები წარადგინა, სადაც ვაკის ოლქში გამოვლენილი დარღვევებია ასახული. 

  • გაბათილებული ბიულეტენები

"საგანგაშოა გაბათილებული ბიულეტენების რაოდენობა. ვაკის ოლქში არის 3 989 ბათილი ბიულეტენი, რაც საშუალოდ უბანზე 50 ბათილ ბიულეტენს ნიშნავს. ჯამში გამოდის 7%. გვაქვს ინფორმაცია, რომ ამას ჰქონდა კამპანიური ხასიათი და სპეციალურად არ აწერდნენ ხელს ან არ ურტყამდნენ ბეჭედს ისეთ ბიულეტენებს, როცა ცნობდნენ ოპოზიციონერებს და სპეციალურად აბათილებდნენ".

  •  გაყალბებული ხელმოწერა

"ჩვენი ორი წარმომადგენელი უარყოფს, რომ საერთოდ ფიზიკურად იყვნენ კონკრეტულ უბანზე და მათ ნაცვლად მოაწერეს ხელი ოქმზე. მას შემდეგ, რაც ისინი დაუკავშირდნენ კომისიას და უთხრეს, რომ ეს ხელმოწერები მათი არ არის, პასუხად მიიღეს, რომ არ შეაწუხეს და მათ ნაცვლად მოაწერეს ხელი. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული"

  • დაუბალანსებელი უბნები

"ვაკის ოლქში უბნების 76% დაუბალანსებელია. არის, როგორც ნაკლებობა, ასევე მეტობა. ნაკლებობის რაოდენობა არის საგანგაშო. 299 ბიულეტენი არის გამქრალი. მათ შორის, ერთი უბნიდან 10, 11, 12 ბიულეტენი არის გამქრალი. ეს აჩენს ე.წ სომხური კარუსელის სერიოზულ ეჭვს. 5 უბანზე არის ბიულეტენების ჩაყრის ეჭვი. ეს არის დაუბალანსებელი ოქმების მეორე მიზეზი". 

მისივე თქმით, ვაკის ოლქში გამოვლინდა ე.წ. კარუსელის შემთხვევებიც, როცა ერთი კონკრეტული ადამიანი ხმას რამდენჯერმე აძლევს. ხოშტარიას ინფორმაციით, უკვე ბეჭედდარტყმულ ოქმზე ხელით არის გაკეთებული შესწორებები, ასევე ზოგ ოქმზე არის დასმული X-ები, რაც რიცხვების სურვილისამებრ ჩამატების საშუალებას იძლევა. 

2 ნოემბერს ყველა ოპოზიციურმა პარტიამ, რომელმაც გადალახა საარჩევნო ზღვარი, უარი თქვა პარლამენტში შესვლასა და მეორე ტურებში მონაწილეობის მიღებაზე.

მანდატებზე უარი თქვა ევროპულმა საქართველომლელომლეიბორისტულმა პარტიამგირჩმაენმ-ძალა ერთობაშიამსტრატეგია აღმაშენებელმა, მოქალაქეებმა და პროპუტინურმა პატრიოტთა ალიანსმა.

საპროტესტო ტალღა მას შემდეგ დაიწყო, რაც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პირველადი შედეგები გამოაქვეყნა. ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით ხმების 100%-ვე დათვლილია და მონაცემები შემდეგნაირად გამოიყურება:

  • ქართული ოცნება – 48.15%
  • ენმ-ძალა ერთობაშია – 27.14
  • ევროპული საქართველო – 3.78%
  • ლელო – 3.15%
  • სტრატეგია აღმაშენებელი – 3.15%
  • პატრიოტთა ალიანსი – 3.14%
  • გირჩი – 2.86%
  • მოქალაქეები – 1.33%
  • ლეიბორისტული პარტია – 1%

30-დან 16 მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტურები გაიმართება.

ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ შედეგებს არალეგიტიმურად ცნობს და პერმანენტულ აქციებს გეგმავენ. თუმცა, შევლენ თუ არა პარლამენტში, ამაზე შიდაპარტიული დისკუსიები ამ დრომდე გრძელდება.

საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები არჩევნების პროცესში მოსყიდვაზე, დაშინებასა და ძალადობრივ ინციდენტებზე საუბრობენ, თუმცა, მიუხედავად ამისა, მიიჩნევენ, რომ არჩევნების შედეგები ლეგიტიმურია, არჩევნები კონკურენტუნარიანი იყო და მეტნაკლებად დაცული იყო ძირითადი თავისუფლებები.

ადგილობრივი დამკვირვებლები კი არაერთ ხარვეზსა და დარღვევაზე მიუთითებენ. გამოქვეყნდა ISFED-ის (სამართლიანი არჩევნები) ხმების პარალელური დათვლის შედეგებიც, რომლის მიხედვითაც, ქართულმა ოცნებამ ხმების 45.8% მიიღო, ენმ-ძალა ერთობაშიამ – 26.4%, ევროპულმა საქართველომ – 3.7%. ცდომილების ხარისხი 0.7%-ია.

ამასთან, სამართლიანი არჩევნების შემაჯამებელი ანგარიშის მიხედვით დაფიქსირდა საარჩევნო უბნების 8%-ზე შემაჯამებელი ოქმების დისბალანსის შემთხვევები, რაც გულისხმობს ბიულეტენების ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობაზე მეტობას.

"მიუხედავად იმისა, რომ ამ ტენდენციას, შესაძლოა, გარკვეული გავლენა მოეხდინა საარჩევნო სუბიექტების მიერ ნაჩვენებ შედეგებზე, PVT ანალიზი აჩვენებს, რომ შედეგებზე შესაძლო მაქსიმალური გავლენა იქნებოდა 4.1%-ზე ნაკლები" – წერს ორგანიზაცია.

არჩევნების შედეგებს განახლებად რეჟიმში თვალი ადევნეთ აქ.

ყველა სიახლე იხილეთ ტაბულას პორტალზე – არჩევნები 2020.

კომენტარები