არჩევნები 2020

მდინარაძე ოქმებში უზუსტობებზე: კომისიის წევრები დაუტრენინგებლები იყვნენ

ტაბულა

ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ოქმებში არსებული უზუსტობები ტექნიკური შეცდომებით არის განპირობებული. მისი თქმით, სპეცუბნებში კომისიის ძველი წევრები ახლებით ჩაანაცვლეს, რომელთაც ტრენინგი არ ჰქონდათ გავლილი. 

"ეს შეცდომები იმითაა განპირობებული, რომ ინფიცირებულ და იზოლირებულ პირებთან მუშაობას განსაკუთრებული ცოდნა სჭირდება, ამიტომ სპეცუბნებში კომისიის ძველი წევრები ახალი დაუტრენინგებელი წევრებით იყვნენ ჩანაცვლებული და ტექნიკური შეცდომები იყო ძალიან ბევრი. ასეთი იყო ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე ასეული წევრი". – ამბობს მდინარაძე. 

ISFED-მა, რომელიც საპარლამენტო არჩევნებზე პარალელურ დათვლას აწარმოებდა, 1 ნოემბერს ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ეწერა, რომ საარჩევნო უბნების 8%-ზე შემაჯამებელი ოქმების დისბალანსის შემთხვევები დაფიქსირდა, რაც გულისხმობს ბიულეტენების მეტობას ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობაზე.

ორგანიზაციამ ანგარიშში ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მოუწოდა, რომ თავიდან დათვალოს შედეგები იმ უბნებზე, სადაც ბიულეტენების რაოდენობის მეტობა დაფიქსირდა, რადგან ამას, შესაძლოა, საბოლოო შედეგებზე მაქსიმუმ 4.1%-ზე ნაკლები გავლენა მოეხდინა.

კომენტარები