არჩევნები 2020

ბოკერია კობახიძეზე: ამბობს, რომ მუქარა და ფული მათი მთავარი ინსტრუმენტია პოლიტიკურ ბრძოლაში

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია ამბობს, რომ ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადება ოპოზიციური პარტიების დაფინანსებაზე მიუთითებს, რომ ფული და მუქარა პოლიტიკურ ბრძოლაში მათთვის მთავარი ინსტრუმენტია. 

"ამ სამარცხვინო პოლიტიკური კლოუნის განცხადება ივანიშვილის გარემოცვიდან მიუთითებს იმაზე, თუ როგორი რთულია მათი ვითარება დღეს, როდესაც არიან ბოლომდე იზოლირებულები პოლიტიკურად თუ მორალურად მთელი საზოგადოებისაგან, მისი უდიდესი ნაწილისაგან. ამას ადასტურებს, თუ როგორ უტიფრად გვეუბნება რომ ფული, მუქარა ან ფულის გამოყენება როგორი მთავარი ინსტრუმენტია ივანიშვილისთვის და მისი გარემოცვისთვის პოლიტიკურ ბრძოლაში. 

[...] ვერ ხედავენ ვითარებას, თუ ჰგონიათ, რომ ევროპული საქართველოსთვის ეს მუქარა რამენაირად შეცვლის პოზიციას ამ პარლამენტში არშესვლასთან დაკავშირებით. ეს თავისთავად დიაგნოზის ნაწილი არის ქართული ოცნების, ივანიშვილის და მისი გარემოცვის". – ამბობს ბოკერია. 

ირაკლი კობახიძემ დღეს, 4 ნოემბერს თქვა, რომ "თუ პარტია უდიერად ეპყრობა მანდატებს, უარი უნდა ეთქვას დაფინანსებაზე."

2 ნოემბერს ყველა ოპოზიციურმა პარტიამ, რომელმაც გადალახა საარჩევნო ზღვარი, უარი თქვა პარლამენტში შესვლასა და მეორე ტურებში მონაწილეობის მიღებაზე.

მანდატებზე უარი თქვა ევროპულმა საქართველომ, ლელომ, ლეიბორისტულმა პარტიამ, გირჩმა, ენმ-ძალა ერთობაშიამ, სტრატეგია აღმაშენებელმა, მოქალაქეებმა და პროპუტინურმა პატრიოტთა ალიანსმა.

საპროტესტო ტალღა მას შემდეგ დაიწყო, რაც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პირველადი შედეგები გამოაქვეყნა. ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით ხმების 100%-ვე დათვლილია და მონაცემები შემდეგნაირად გამოიყურება:

  • ქართული ოცნება – 48.15%
  • ენმ-ძალა ერთობაშია – 27.14
  • ევროპული საქართველო – 3.78%
  • ლელო – 3.15%
  • სტრატეგია აღმაშენებელი – 3.15%
  • პატრიოტთა ალიანსი – 3.14%
  • გირჩი – 2.86%
  • მოქალაქეები – 1.33%
  • ლეიბორისტული პარტია – 1%

30-დან 16 მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტურები გაიმართება.

ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ შედეგებს არალეგიტიმურად ცნობს და პერმანენტულ აქციებს გეგმავენ. თუმცა, შევლენ თუ არა პარლამენტში, ამაზე შიდაპარტიული დისკუსიები ამ დრომდე გრძელდება.

საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები არჩევნების პროცესში მოსყიდვაზე, დაშინებასა და ძალადობრივ ინციდენტებზე საუბრობენ, თუმცა, მიუხედავად ამისა, მიიჩნევენ, რომ არჩევნების შედეგები ლეგიტიმურია, არჩევნები კონკურენტუნარიანი იყო და მეტნაკლებად დაცული იყო ძირითადი თავისუფლებები.

ადგილობრივი დამკვირვებლები კი არაერთ ხარვეზსა და დარღვევაზე მიუთითებენ. გამოქვეყნდა ISFED-ის (სამართლიანი არჩევნები) ხმების პარალელური დათვლის შედეგებიც, რომლის მიხედვითაც, ქართულმა ოცნებამ ხმების 45.8% მიიღო, ენმ-ძალა ერთობაშიამ – 26.4%, ევროპულმა საქართველომ – 3.7%. ცდომილების ხარისხი 0.7%-ია.

ამასთან, სამართლიანი არჩევნების შემაჯამებელი ანგარიშის მიხედვით დაფიქსირდა საარჩევნო უბნების 8%-ზე შემაჯამებელი ოქმების დისბალანსის შემთხვევები, რაც გულისხმობს ბიულეტენების ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობაზე მეტობას.

"მიუხედავად იმისა, რომ ამ ტენდენციას, შესაძლოა, გარკვეული გავლენა მოეხდინა საარჩევნო სუბიექტების მიერ ნაჩვენებ შედეგებზე, PVT ანალიზი აჩვენებს, რომ შედეგებზე შესაძლო მაქსიმალური გავლენა იქნებოდა 4.1%-ზე ნაკლები" – წერს ორგანიზაცია.

არჩევნების შედეგებს განახლებად რეჟიმში თვალი ადევნეთ აქ.

ყველა სიახლე იხილეთ ტაბულას პორტალზე – არჩევნები 2020.

კომენტარები