არჩევნები 2020

ხვიჩია: არჩევნები უნდა გადარჩეს, ოქმების გასწორება მოლაპარაკების ნაწილი უნდა იყოს

იაგო ხვიჩია

გირჩის ერთერთი ლიდერის იაგო ხვიჩიას აზრით, იმისათვის რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი განიმუხტოს, "არჩევნები უნდა გადარჩეს და მეორე ტურში ხმის მიცემის რეალური შედეგები უნდა დაიდოს". 

ხვიჩია რუსთავი 2-ის ეთერში ამბობს, რომ ჩატარებული არჩევნები ამომრჩევლის ნებას არ ასახავს და კრიზისული სიტუაციიდან გამოსვლა დამოკიდებულია იმაზე, "ეყოფა თუ არა ქართულ ოცნებას გამჭრიახობა, რომ მიხვდეს, თუ რა ხდება მის თავს". ხვიჩია აღნიშნავს, რომ "ყველაზე მეტად უარესი ეს შედეგი არის ქართული ოცნებისთვის, რადგან მან ისეთი არჩევნები ჩაატარა, არც ერთმა მისმა კოლეგამ არ ცნო". 

"ჯერ კიდევ არის შანსი, მეორე ტურები გვაქვს წინ. ოპოზიცია მეორე ტურში უნდა გავიდეს, ოღონდ უნდა გავიდეს მაშინ, როცა მისთვის გასაგებია, რომ მეორე ტურში წყდება არჩევნებში გამარჯვებულის. ახლა მიდის ოქმების გადასწორება, რასაც უნდათ იმას წერენ. ეს საარჩევნო კომისია ზოგადად, საბოლოო ჯამში დაგვამახსოვრდება იმით, რომ ამ არჩევნებზე ყველა რასაც უნდა იმას წერდა". – ამბობს ხვიჩია. 

ჟურნალისტის კითხვაზე, ოქმების გასწორებისა და სარჩელების დაკმაყოფილების შემთხვევაში შევა თუ არა გირჩი პარლამენტში, ხვიჩია პასუხობს, რომ ეს სხვა პოლიტიკურ პარტნიორებზეა დამოკიდებული. 

"ჩემი აზრით, ზურაბ ჯაფარიძის და ნებისმიერი ოპოზიციის ქმედება დამოკიდებულია დანარჩენი კოლეგების ურთიერთობაზე, ჩვენ მარტო შესვლა არ გვინდა... 

მე ვხედავ გზას, როგორ შეიძლება ამ არჩევნების გადარჩენა, ჩვენ ხომ ამას ვცდილობთ. მე მგონია, რომ ჩვენ არჩევნები უნდა გადავარჩინოთ, იქიდან გამომდინარე, რომ მეორე ტურში მაინც გვქონდეს რეალური არჩევნები. ამ არჩევნების რეალურობას აწი არავინ არ დაიჯერებს". – ამბობს ხვიჩია და აღნიშნავს, რომ არჩევნების გადასარჩენად საჭიროა, "ყველა ოქმი და დარღვევა ყურადღებით იქნეს შესწავლილი. ეს უნდა იყოს მოლაპარაკებების ნაწილი. ოქმების გასწორება პროტესტების და რაღაცების ფონზე უნდა იყოს ჩვენი მოლაპარაკების ნაწილი". 

ყველა ოპოზიციურმა პარტიამ, რომელმაც გადალახა საარჩევნო ზღვარი, უარი თქვა პარლამენტში შესვლასა და მეორე ტურებში მონაწილეობის მიღებაზე. მანდატებზე უარი თქვა ევროპულმა საქართველომ, ლელომ, ლეიბორისტულმა პარტიამ, გირჩმა, ენმ-ძალა ერთობაშიამ, სტრატეგია აღმაშენებელმა, მოქალაქეებმა და პროპუტინურმა პატრიოტთა ალიანსმა.


 

საპროტესტო ტალღა მას შემდეგ დაიწყო, რაც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პირველადი შედეგები გამოაქვეყნა. ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით ხმების 100%-ვე დათვლილია და მონაცემები შემდეგნაირად გამოიყურება:

  • ქართული ოცნება – 48.15%
  • ენმ-ძალა ერთობაშია – 27.14
  • ევროპული საქართველო – 3.78%
  • ლელო – 3.15%
  • სტრატეგია აღმაშენებელი – 3.15%
  • პატრიოტთა ალიანსი – 3.14%
  • გირჩი – 2.86%
  • მოქალაქეები – 1.33%
  • ლეიბორისტული პარტია – 1%

30-დან 16 მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტურები გაიმართება.

საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები არჩევნების პროცესში მოსყიდვაზე, დაშინებასა და ძალადობრივ ინციდენტებზე საუბრობენ, თუმცა, მიუხედავად ამისა, მიიჩნევენ, რომ არჩევნების შედეგები ლეგიტიმურია, არჩევნები კონკურენტუნარიანი იყო და მეტნაკლებად დაცული იყო ძირითადი თავისუფლებები.

ადგილობრივი დამკვირვებლები კი არაერთ ხარვეზსა და დარღვევაზე მიუთითებენ. გამოქვეყნდა ISFED-ის (სამართლიანი არჩევნები) ხმების პარალელური დათვლის შედეგებიც, რომლის მიხედვითაც, ქართულმა ოცნებამ ხმების 45.8% მიიღო, ენმ-ძალა ერთობაშიამ – 26.4%, ევროპულმა საქართველომ – 3.7%. ცდომილების ხარისხი 0.7%-ია.

ამასთან, სამართლიანი არჩევნების შემაჯამებელი ანგარიშის მიხედვით, დაფიქსირდა საარჩევნო უბნების 8%-ზე შემაჯამებელი ოქმების დისბალანსის შემთხვევები, რაც გულისხმობს ბიულეტენების ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობაზე მეტობას.

"მიუხედავად იმისა, რომ ამ ტენდენციას, შესაძლოა, გარკვეული გავლენა მოეხდინა საარჩევნო სუბიექტების მიერ ნაჩვენებ შედეგებზე, PVT ანალიზი აჩვენებს, რომ შედეგებზე შესაძლო მაქსიმალური გავლენა იქნებოდა 4.1%-ზე ნაკლები" – წერს ორგანიზაცია.

არჩევნების შედეგებს განახლებად რეჟიმში თვალი ადევნეთ აქ.

ყველა სიახლე იხილეთ ტაბულას პორტალზე – არჩევნები 2020.

კომენტარები