არჩევნები 2020

NDI: შედეგების მიმართ ნდობის გასაზრდელად მთავრობამ და ცესკომ საგანგებო ნაბიჯები უნდა გადადგან

ტაბულა

"შედეგების ოქმებში ხარვეზებმა, საარჩევნო უბნებზე ან მის გარეთ შესაძლო დაშინების თაობაზე გავრცელებულმა ინფორმაციამ, შედეგების დაგვიანებულმა გამოქვეყნებამ და წინასაარჩევნოდ ძალაუფლების ბოროტად გამოყენების მუდმივმა განცდამ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საკანონმდებლო ბაზის და ადმინისტრაციული პროცედურების მნიშვნელოვანი გაუმჯობესებები გადაფარა". - ამის შესახებ ნათქვამია ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ანგარიშში.

NDI-ს შეფასებით, პირველი ტურის შედეგების შეჯამებისა და 21 ნოემბერს დაგეგმილი მეორე ტურისთვის მზადების ფონზე, "არჩევნების პროცესში გაჩენილი ეჭვების საპასუხოდ, ასევე საარჩევნო პროცესისა და საბოლოო შედეგების მიმართ საზოგადოების ნდობის გასაზრდელად, მთავრობის ლიდერებსა და საარჩევნო ადმინისტრაციას საგანგებო ნაბიჯების გადადგმა დასჭირდებათ".

"საქართველოს მოქალაქეები ყოველთვის გამოირჩეოდნენ დემოკრატიული და ევროპული მომავლის ერთგულებით. აღნიშნული მისწრაფებების შესრულება მოქმედი და ახალი პარლამენტის და მთავრობის მთავარი ვალდებულებაა. არჩევნების შემდეგ საზოგადოების ნდობის აღდგენა პირველი კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება. საქართველო ამ და წინა არჩევნებისთვის დამახასიათებელ დემონიზაციასა და პოლარიზაციაზე მაღლა უნდა დადგეს და მკაფიოდ აჩვენოს, რომ უარყოფს ძალაუფლების პარტიული მიზნით გამოყენების დიდი ხნის პრაქტიკას. არჩევნების შემდეგ, ახალმა უმრავლესობამ, იქნება ეს ერთი პარტია თუ კოალიცია, წარმომადგენლობითობა და ინკლუზიურობა უნდა უზრუნველყოს.

ახალმა პარლამენტმა მავნე პოლიტიკური პოლარიზაციის შესამსუბუქებლად პარტიათაშორის თანამშრომლობას უნდა მიმართოს და არასაპარლამენტო პარტიებთან, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და მოქალაქეებთან სისტემატური კომუნიკაცია იქონიოს. მას საქართველოს მოსახლეობის წინაშე არსებული მუდმივი ეკონომიკური პრობლემების გადასაწყვეტად ხელშესახები ნაბიჯების გადადგმაც მოუწევს.

ქვეყნისთვის შემდეგი გამოცდა საჩივრების განხილვის სანდო და გამჭვირვალე პროცესის უზრუნველყოფა და არჩევნების მეორე ტურის მშვიდობიან, გამჭვირვალე, სამართლიან, უსაფრთხო და დაშინებისგან თავისუფალ გარემოში ჩატარება იქნება. ასეთი პროცესის უზრუნველსაყოფად მზადყოფნის დემონსტრირებისთვის მთავრობამ და საარჩევნო ადმინისტრაციამ სწრაფი, თვალსაჩინო და მდგრადი ნაბიჯები უნდა გადადგას". - აცხადებს NDI.

Covid-19 პანდემიის გამო, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი არჩევნების დღეს ვირტუალურად აკვირდებოდა. ანალიზი ეყრდნობა იმ სანდო ადგილობრივი და საერთაშორისო ჯგუფების დასკვნებს, რომლებიც ადგილზე დააკვირდნენ არჩევნებს. მათ შორის, საუბარია სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებაზე (სამართლიანი არჩევნები), რომელმაც არჩევნების რაოდენობრივი და თვისებრივი ასპექტების შესაფასებლად ხმების პარალელური დათვლის მეთოდოლოგია გამოიყენა. კენჭისყრის დღის მანძილზე ინსტიტუტს ასევე მჭიდრო ვირტუალური კომუნიკაცია ჰქონდა პოლიტიკურ პარტიებთან, კანდიდატებთან, საარჩევნო ადმინისტრაციასა და მედიასთან

NDI-ის რეკომენდაციები არჩევნების მეორე ტურის წინ:

  • საარჩევნო ადმინისტრაციამ დამატებითი ძალისხმევა უნდა გასწიოს, რათა შეტანილი საჩივრები სწრაფად, გამჭვირვალედ და სწორად განიხილონ, საჭიროების შემთხვევაში კი კონკრეტულ უბნებზე ხმების გადათვლა ან განმეორებით კენჭისყრა ჩატარდეს.
  • პარტიები და კანდიდატები მაქსიმალურად უნდა შეეცადონ, რომ საარჩევნო დარღვევებზე, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე, ან ზეწოლასა და დაშინებებზე საჩივრებს სათანადო მტკიცებულებები დაურთონ და საჩივრების დასაკმაყოფილებლად არსებულ პროცედურებს მისდიონ.
  • კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება საჩივრების მიმდინარე პროცესსა და მეორე ტურზე დაკვირვება. ყველა ჩართულმა მხარემ პატივი უნდა სცეს და დაიცვას მიუკერძოებელი დამოუკიდებელი დამკვირვებლების უფლებები, რათა დამკვირვებლებმა საკუთარი საქმიანობა ჩარევისა და დაშინების გარეშე განაგრძონ.
  • ცესკომ საუბნო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებისთვის დამკვირვებელთა უფლებების შესახებ დამატებითი ტრენინგები უნდა ჩაატაროს და კიდევ ერთხელ გაუსვას ხაზი ყველა დადგენილი პროცედურის მკაცრად და თანმიმდევრულად შესრულების აუცილებლობას; მათ შორის, იმ პროცედურების, რომლებიც საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა შორის პასუხისმგებლობების განაწილებას, ხმის მიცემის ფარულობას, მარკირებას და შედეგების ოქმებს უკავშირდება.
  • ხელისუფლებამ ამომრჩეველთა მოსყიდვისა და ამომრჩევლის დაშინების სავარაუდო შემთხვევებზე სწრაფი და საფუძვლიანი გამოძიება უნდა ჩაატაროს და მომავალში ასეთი პრაქტიკის თავიდან ასაცილებლად ყველა საჭირო ზომა მიიღოს.
  • მონაწილე მხარეებმა ძალისხმევა უნდა გამოიჩინონ, რათა განმუხტონ დაძაბულობა და ხელი შეუწყონ მშვიდობიან გარემოს. მათ არჩევნებთან დაკავშირებული სავარაუდო დარღვევების გამოსაძიებლად დადგენილი პროტოკოლები უნდა დაიცვან.
  • საარჩევნო ადმინისტრაციამ, სამოქალაქო ორგანიზაციებსა და მედიასთან თანამშრომლობის გზით, ამომრჩეველთა ფართო საგანმანათლებლო კამპანია უნდა აწარმოოს, რომელიც 8 ფოკუსირებული იქნება ხმის მიცემის ფარულობის უფლებაზე, როგორც არჩევნების ფუნდამენტურ პრინციპზე. 

ყველა ოპოზიციურმა პარტიამ, რომელმაც გადალახა საარჩევნო ზღვარი, უარი თქვა პარლამენტში შესვლასა და მეორე ტურებში მონაწილეობის მიღებაზე. მანდატებზე უარი თქვა ევროპულმა საქართველომ, ლელომ, ლეიბორისტულმა პარტიამ, გირჩმა, ენმ-ძალა ერთობაშიამ, სტრატეგია აღმაშენებელმა, მოქალაქეებმა და პროპუტინურმა პატრიოტთა ალიანსმა.

საპროტესტო ტალღა მას შემდეგ დაიწყო, რაც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პირველადი შედეგები გამოაქვეყნა. ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით ხმების 100%-ვე დათვლილია და მონაცემები შემდეგნაირად გამოიყურება:

  • ქართული ოცნება – 48.15%
  • ენმ-ძალა ერთობაშია – 27.14
  • ევროპული საქართველო – 3.78%
  • ლელო – 3.15%
  • სტრატეგია აღმაშენებელი – 3.15%
  • პატრიოტთა ალიანსი – 3.14%
  • გირჩი – 2.86%
  • მოქალაქეები – 1.33%
  • ლეიბორისტული პარტია – 1%

30-დან 16 მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტურები გაიმართება.

საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები არჩევნების პროცესში მოსყიდვაზე, დაშინებასა და ძალადობრივ ინციდენტებზე საუბრობენ, თუმცა, მიუხედავად ამისა, მიიჩნევენ, რომ არჩევნების შედეგები ლეგიტიმურია, არჩევნები კონკურენტუნარიანი იყო და მეტნაკლებად დაცული იყო ძირითადი თავისუფლებები.

ადგილობრივი დამკვირვებლები კი არაერთ ხარვეზსა და დარღვევაზე მიუთითებენ. გამოქვეყნდა ISFED-ის (სამართლიანი არჩევნები) ხმების პარალელური დათვლის შედეგებიც, რომლის მიხედვითაც, ქართულმა ოცნებამ ხმების 45.8% მიიღო, ენმ-ძალა ერთობაშიამ – 26.4%, ევროპულმა საქართველომ – 3.7%. ცდომილების ხარისხი 0.7%-ია.

ამასთან, სამართლიანი არჩევნების შემაჯამებელი ანგარიშის მიხედვით, დაფიქსირდა საარჩევნო უბნების 8%-ზე შემაჯამებელი ოქმების დისბალანსის შემთხვევები, რაც გულისხმობს ბიულეტენების ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობაზე მეტობას.

"მიუხედავად იმისა, რომ ამ ტენდენციას, შესაძლოა, გარკვეული გავლენა მოეხდინა საარჩევნო სუბიექტების მიერ ნაჩვენებ შედეგებზე, PVT ანალიზი აჩვენებს, რომ შედეგებზე შესაძლო მაქსიმალური გავლენა იქნებოდა 4.1%-ზე ნაკლები" – წერს ორგანიზაცია.

არჩევნების შედეგებს განახლებად რეჟიმში თვალი ადევნეთ აქ.

ყველა სიახლე იხილეთ ტაბულას პორტალზე – არჩევნები 2020.

კომენტარები