არჩევნები 2020

თალაკვაძე: შეხვედრისას მოქალაქეების აზრზე მედიასაშუალებების თავდასხმაზე არ გვისაუბრია

ტაბულა

პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ეუთო-ოდირის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ ამბობს, რომ შეხვედრაზე არჩევნების დროს "მოქალაქეების თავისუფალ აზრზე მედიასაშუალებების თავდასხმაზე" განხილვა არ ჰქონიათ.

"რაც შეეხება ნეგატიურ ფაქტორებს ამ არჩევნებში - თუნდაც, ხშირ შემთხვევაში, მედიასაშუალებების თავდასხმა მოქალაქეების თავისუფალ არჩევანზე, თავისუფალ აზრზე, ამაზე საუბარი, განხილვა დღეს ჩვენ არ გვქონია. თუმცა, ჩემი მხრიდან შემიძლია გითხრათ, რომ არჩევნების წინ თუნდაც ამ ოპოზიციური პარტიების, განსაკუთრებით რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ადგილი ნამდვილად ჰქონდა საზოგადოებრივ აზრზე თავდასხმას. იყო არალეგიტიმური ჩარევაც. მაგალითად, მიხეილ სააკაშვილის მხრიდან, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე და კანონის დარღვევით მონაწილეობდა ენმ-ის საარჩევნო კამპანიაში. იმედი მაქვს, ამ ყველაფერს საერთაშორისო დამკვირვებლები ობიექტურად აფასებენ". – ამბობს თალაკვაძე.  

თალაკვაძის მტკიცებით, 7 საჩივრიდან, რომელიც ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვას უკავშირდება, 5 ოპოზიციური პარტიების მიერ იყო ჩადენილი,

"თუმცა, ეს არ არის ჩვენი სფერო, ეს არის შესაბამისი ორგანოების შესწავლის საგანი და, რა თქმა უნდა, ამაზე სათანადო რეაგირება იქნება". – ამბობს თალაკვაძე. 

31 ოქტომბერს გლდანის საარჩევნო უბანთან ჟურნალისტებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. აგრესიულად განწყობილმა მოქალაქემ, რომელიც საარჩევნო უბანთან იგინებოდა, პუბლიკას ჟურნალისტს ფეხი დაარტყა, ასევე, ტვ პირველის ჟურნალისტი, ანა ახალაია ყვება, რომ მის ოპერატორს ადგილზე მყოფი კაცი ხელით შეეხო, რა დროსაც ჟურნალისტს სახეში კამერა მოხვდა.

კომენტარები