არჩევნები 2020

ბასილაია: მინიმუმ 20 ოქმის ხელმოწერები გაყალბებულია, პროკურატურაში საჩივარი შეგვაქვს

ადვოკატ ბექა ბასილაიას თქმით, არსებობს მინიმუმ 20 ოქმი, სადაც ხელმოწერები გაყალბებულია. ამის შესახებ ბასილაიამ ენმ-ძალა ერთობაშიას ოფისში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. ადვოკატის თქმით, დღეს პროკურატურაში ამ ოქმების თაობაზე საჩივარი შეაქვთ, რადგან ეს სისხლის სამართლის დანაშაულია.

ბასიალაიას განმარტებით, პროკურატურა ვალდებულია, არა მხოლოდ კომისიის წევრები გამოკითხოს, არამედ კალიგრაფიული ექსპერტიზებიც ჩაატაროს. ბასიალაიას განმარტებით, კონკრეტული კომისიის წევრის ნაცვლად სხვა პირის მიერ ოქმზე ხელის მოწერა ვერ შეფასდება ტექნიკურ შეცდომად, ეს კრიმინალია.

"ჩვენს მიერ იქნა იდენტიფიცირებული მინიმუმ 20 ოქმი, სადაც ხელმოწერები გაყალბებულია. საუბარია, ათეულობით ხელმოწერაზე. ეს მხოლოდ შემთხვევით შერჩევითი პრინციპით განხორციელდა, შესაძლებელია, სრულიად ადვილად, სხვა ოლქებშიც იყოს მსგავსი ტიპის კრიმინალი ჩადენილი.

ვიდრე პროკურატურაში შევიტანდეთ საჩივარს, გთავაზობთ კონკრეტულ ოქმებს, სადაც თქვენ ნახავთ, რომ შემაჯამებელ ოქმში კონკრეტული კომისიის წევრის მიერ გაკეთებული ხელმოწერა აბსოლუტურად განსხვავდება, რამდენიმე საათში, იმავე კომისიის წევრის მიერ დასმული ხელმოწერისგან. ეს არაა მხოლოდ და მხოლოდ ერთი შეხედვით ვიზუალური აცდენა. ასოების, ფორმის, მოყვანილობის, დახრილობის, კალიგრაფიის, შეუიარაღებელი თვალითაც კი მკაფიოდ ჩანს, ხელმოწერები გაყალბებულია. ეს ნიშნავს, რომ ჩადენილია სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე და 164-ე მე-3 პრიმა მუხლით გათვალისწინებული დანაშაული". – ამბობს ბასილაია.

ოქმებში არსებულ შეცდომებზე გუშინ, ქართული ოცნების ლიდერმა, ირაკლი კობახიძემაც ისაუბრა და თქვა, რომ ოქმებში არსებული უზუსტობები 95%-ზე მეტ შემთხვევაში ადამიანური შეცდომების ბრალია.

ამავდროულად, ISFED-მა, რომელიც საპარლამენტო არჩევნებზე პარალელურ დათვლას აწარმოებდა, 1 ნოემბერს ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ეწერა, რომ საარჩევნო უბნების 8%-ზე შემაჯამებელი ოქმების დისბალანსის შემთხვევები დაფიქსირდა, რაც გულისხმობს ბიულეტენების მეტობას ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობაზე.

ორგანიზაციამ ანგარიშში ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მოუწოდა, რომ თავიდან დათვალოს შედეგები იმ უბნებზე, სადაც ბიულეტენების რაოდენობის მეტობა დაფიქსირდა, რადგან ამას, შესაძლოა, საბოლოო შედეგებზე მაქსიმუმ 4.1%-ზე ნაკლები გავლენა მოეხდინა.

კომენტარები