არჩევნები 2020

თალაკვაძე: ეუთო-ოდირის წარმომადგენლებმა გაიმეორეს, რომ არჩევნები ძალიან კონკურენტული იყო

ტაბულა

ქართული ოცნების წევრები ეუთო-ოდირის წარმომადგენლებს შეხვდნენ. როგორც შეხვედრის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ თქვა, "მათ კიდევ ერთხელ ძალიან მკაფიოდ გაიმეორეს ამ შეხვედრაზე, რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნები იყო ძალიან კონკურენტული და ფუნდამენტური უფლებები იყო დაცული." 

"ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საერთო მოსაზრება არის ის, რომ ყველამ პატივი უნდა სცეს საარჩევნო პროცესის შედეგებს, რომელსაც ცესკო აცხადებს. შესაბამისად, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ქართული ოცნება არის მოწოდებული, რომ პატივი სცეს იმ გადაწყვეტილებას, რაც ჩვენმა საზოგადოებამ მიიღო. ჩვენ მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებს, ასევე პატივი სცენ ჩვენი საზოგადოების არჩევანს". - ამბობს თალაკვაძე.  

თალაკვაძის თქმით, საერთაშორისო პარტნიორებს ის პროცესები გააცნეს, რომელიც, კანონმდებლობის მიხედვით, არჩევნების მე-2 ტურამდე უნდა წარიმართოს. 

"შედეგებშიც ჩანს, რომ პირველად საქართველოს უახლეს ისტორიაში ჩვენ არსებითად პროპორციული სისტემით ჩავატარეთ საპარლამენტო არჩევნები, რომლის შედეგადაც პოლიტიკურმა პარტიებმა დამოუკიდებლად შეძლეს ბარიერის გადალახვა და შესვლა პარლამენტში. ეს იქნება მრავალპარტიული პარლამენტი და არჩევნები ემსახურება საქართველოს დემოკრატიის კიდევ უფრო გაძლიერებას. ჩვენ ამ წლებში ამისთვის გავატარეთ ფუნდამენტური დემოკრატიული რეფორმები და ჩვენი დიდი სურვილია, რომ ეს შედეგი მაქსიმალურად იყოს გამოყენებული ჩვენი ქვეყნის შემდგომი წარმატებისთვის". - ამბობს არჩილ თალაკვაძე. 

ყველა ოპოზიციურმა პარტიამ არჩევნების შედეგებს ბოიკოტი გამოუცხადა და არცერთი მათგანი საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში არ შედის.

მანდატებზე უარი თქვა ევროპულმა საქართველომ, ლელომ, ლეიბორისტულმა პარტიამ, გირჩმა, ენმ-ძალა ერთობაშიამ, სტრატეგია აღმაშენებელმა, მოქალაქეებმა და პროპუტინურმა პატრიოტთა ალიანსმა.

საპროტესტო ტალღა მას შემდეგ დაიწყო, რაც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პირველადი შედეგები გამოაქვეყნა. ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით ხმების 100%-ვე დათვლილია და მონაცემები შემდეგნაირად გამოიყურება:

  • ქართული ოცნება – 48.15%
  • ენმ-ძალა ერთობაშია – 27.14
  • ევროპული საქართველო – 3.78%
  • ლელო – 3.15%
  • სტრატეგია აღმაშენებელი – 3.15%
  • პატრიოტთა ალიანსი – 3.14%
  • გირჩი – 2.86%
  • მოქალაქეები – 1.33%
  • ლეიბორისტული პარტია – 1%

30-დან 16 მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტურები გაიმართება.

საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები არჩევნების პროცესში მოსყიდვაზე, დაშინებასა და ძალადობრივ ინციდენტებზე საუბრობენ, თუმცა, მიუხედავად ამისა, მიიჩნევენ, რომ არჩევნების შედეგები ლეგიტიმურია, არჩევნები კონკურენტუნარიანი იყო და მეტნაკლებად დაცული იყო ძირითადი თავისუფლებები.

ადგილობრივი დამკვირვებლები კი არაერთ ხარვეზსა და დარღვევაზე მიუთითებენ. გამოქვეყნდა ISFED-ის (სამართლიანი არჩევნები) ხმების პარალელური დათვლის შედეგებიც, რომლის მიხედვითაც, ქართულმა ოცნებამ ხმების 45.8% მიიღო, ენმ-ძალა ერთობაშიამ – 26.4%, ევროპულმა საქართველომ – 3.7%. ცდომილების ხარისხი 0.7%-ია.

ამასთან, სამართლიანი არჩევნების შემაჯამებელი ანგარიშის მიხედვით დაფიქსირდა საარჩევნო უბნების 8%-ზე შემაჯამებელი ოქმების დისბალანსის შემთხვევები, რაც გულისხმობს ბიულეტენების ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობაზე მეტობას.

"მიუხედავად იმისა, რომ ამ ტენდენციას, შესაძლოა, გარკვეული გავლენა მოეხდინა საარჩევნო სუბიექტების მიერ ნაჩვენებ შედეგებზე, PVT ანალიზი აჩვენებს, რომ შედეგებზე შესაძლო მაქსიმალური გავლენა იქნებოდა 4.1%-ზე ნაკლები" – წერს ორგანიზაცია.

არჩევნების შედეგებს განახლებად რეჟიმში თვალი ადევნეთ აქ.

ყველა სიახლე იხილეთ ტაბულას პორტალზე – არჩევნები 2020.

კომენტარები