არჩევნები 2020

ჟვანია: 500-ზე მეტი შესწორების ოქმია და შეიძლება, ეს მონაცემები კიდევ შეიცვალოს

ტაბულა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია აცხადებს, რომ ამ ეტაპზე უკვე 500-ზე მეტი შესწორების ოქმია დაწერილი. ჟვანია აღნიშნავს, რომ არჩევნების პროცესი რთული და დამღლელია და "რა თქმა უნდა, კომისიის ვერც ერთ წევრს ვერ დავდებ ბრალს, თუ რატომ მაშინვე არ აღმოაჩინა ის ხარვეზი ან შეცდომა, რომელიც ოქმის შედგენისას მოხდა".

"დღეის მონაცემებით, უკვე 500-ზე მეტი შესწორების ოქმია და შეიძლება, ეს მონაცემები კიდევ შეიცვალოს. უნდა დავფიქრდეთ ადამიანურ ფაქტორსა და იმ მოცემულობაზე, რომ პანდემიის პირობებში, ძალიან რთული იყო ამ არჩევნების ლოჯისტიკური საქმიანობა. საუბნო კომისიის წევრებს წინა დღეებშიც კი არ სძინებიათ, როდესაც ამ ძალიან სერიოზულ დოკუმენტაციასა და პერსონალური დაცვის საშუალებებს ანაწილებდნენ და იღებდნენ იმისთვის, რომ ამომრჩევლებს ეპიდემიოლოგიურად აბსოლუტურად უსაფრთხო სივრცეში მომსახურებოდნენ". – ამბობს ჟვანია ტელეკომპანია იმედის ეთერში. 

ჟვანია აცხადებს, რომ პროპორციულ ბიულეტენში 50 საარჩევნო სუბიექტი პირველადაა არჩევნებზე და ხარვეზებს ამით ხსნის. 

"ეს იყო იმიტომ, რომ ამდენი სუბიექტის ხმის დათვლა, მათი სათითაოდ დანაწილება, შემდგომ ამის ასახვა ოქმებში, როგორც ჩანს, გაუჭირდათ საუბნო კომისიებს. ბოლო დღეებში, პანდემიიდან გამომდინარე, ასეულობით ადამიანი შეიცვალა სხვადასხვა უბანზე წინა დღეს, ორი დღით ადრე. მათ შორის იყვნენ პარტიების მიერ დანიშნული ადამიანებიც". – აცხადებს ჟვანია. 

ISFED-მა, რომელიც საპარლამენტო არჩევნებზე პარალელურ დათვლას აწარმოებდა, 1 ნოემბერს ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ეწერა, რომ საარჩევნო უბნების 8%-ზე შემაჯამებელი ოქმების დისბალანსის შემთხვევები დაფიქსირდა, რაც გულისხმობს ბიულეტენების მეტობას ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობაზე.

ორგანიზაციამ ანგარიშში ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მოუწოდა, რომ თავიდან დათვალოს შედეგები იმ უბნებზე, სადაც ბიულეტენების რაოდენობის მეტობა დაფიქსირდა, რადგან ამას, შესაძლოა, საბოლოო შედეგებზე მაქსიმუმ 4.1%-ზე ნაკლები გავლენა მოეხდინა.

კომენტარები