არჩევნები 2020

კობახიძე ოქმებში უზუსტობებზე: 95%-ზე მეტ შემთხვევაში ადამიანური შეცდომებია

პარლამენტი

ქართული ოცნების ლიდერის, ირაკლი კობახიძის თქმით, ოქმებში არსებული უზუსტობები 95%-ზე მეტ შემთხვევაში ადამიანური შეცდომების ბრალია.

მისივე თქმით, მარნეულის 67-ე უბნის ოქმი, რომლის მონაცემებიც, კონკრეტულად ქართული ოცნების კანდიდატის ხმებისა და მისული ამომრჩევლის რაოდენობა, ცესკოს ვებგვერდზე ატვირთვამდე და ატვირთვის შემდეგ განსხვავდება, საუბნო კომისიის წარმომადგენლების მანიპულაციაა.

"რა თქმა უნდა, ზუსტდება [ოქმები] აქეთაც და იქითაც, სადაც არის უზუსტობები, სადაც არასწორად არის შევსებული. [ოქმებში უზუსტობები] 95%-ზე მეტ შემთხვევაში იყო ადამიანური შეცდომები, უზუსტობები, თუმცა მარნეულის შემთხვევა ახსენეთ და იქ არ არის ტექნიკური შემთხვევა, იქ არის აშკარად მანიპულაცია, რაც იკვეთება კონკრეტული წარმომადგენლების მიერ, რომლებიც იყვნენ საუბნო კომისიაში, რაც არის უხეში გადაცდომა, კანონდარღვევა და ამით ბუნებრივია, ყველა უნდა დაინტერესდეს. თუმცა, უმეტეს შემთხვევაში, ეს არის 95%-ზე მეტი, ადგილი ჰქონდა ადამიანურ შეცდომას და ეს არის აშკარა". – თქვა მან.

ISFED-მა, რომელიც საპარლამენტო არჩევნებზე პარალელურ დათვლას აწარმოებდა, 1 ნოემბერს ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ეწერა, რომ საარჩევნო უბნების 8%-ზე შემაჯამებელი ოქმების დისბალანსის შემთხვევები დაფიქსირდა, რაც გულისხმობს ბიულეტენების მეტობას ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობაზე.

ორგანიზაციამ ანგარიშში ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მოუწოდა, რომ თავიდან დათვალოს შედეგები იმ უბნებზე, სადაც ბიულეტენების რაოდენობის მეტობა დაფიქსირდა, რადგან ამას, შესაძლოა, საბოლოო შედეგებზე მაქსიმუმ 4.1%-ზე ნაკლები გავლენა მოეხდინა.

კომენტარები