არჩევნები 2020

ISFED-ის დირექტორი: პრობლემები განსაკუთრებით უკავშირდებოდა შემაჯამებელ ოქმებს

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების [ISFED] აღმასრულებელი დირექტორის, ელენე ნიჟარაძის თქმით, ორგანიზაციამ წინასაარჩევნო კამპანიიდან არჩევნების დღის ჩათვლით ძალიან ბევრი დარღვევა გამოავლინა, რამაც უარყოფითი შეფასება დაიმსახურა.

ამის შესახებ ნიჟარაძემ ტელეკომპანია ფორმულას ეთერში ისაუბრა.

"არჩევნების დღეზე რომ ვფოკუსირდეთ, პრობლემები იყო და ეს განსაკუთრებით უკავშირდებოდა შემაჯამებელ ოქმებთან დაკავშირებულ საკითხებს, როგორ იყო ეს ოქმები შედგენილი, რომ ძალიან მაღალი დისბალანსი გამოვლინდა. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ იყო ძალიან ბევრი გადასწორებები შემაჯამებელ ოქმებში, რაც კანონით აკრძალული არის და ამ ყველაფერმა, რა თქმა უნდა, გამოიწვია კითხვის ნიშნები მთლიანად ამ პროცესთან დაკავშირებით და შესაბამისად, ჩვენი შეფასებაც ამას ეყრდნობოდა.

ეს არ არის ახალი პრობლემა. შეიძლება, საზოგადოებამ გაიგო ამის შესახებ ახლა, იმიტომ რომ ახლა დაფიქსირდა [დისბალანსის] მაღალი რაოდენობა და ეს აჩენს გარკვეულ კითხვის ნიშნებს არჩევნებთან დაკავშირებით და შეიძლება, ამას გავლენა მოეხდინა სუბიექტების შედეგებზე". – თქვა მან.

ISFED-მა, რომელიც საპარლამენტო არჩევნებზე პარალელურ დათვლას აწარმოებდა, 1 ნოემბერს ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ეწერა, რომ საარჩევნო უბნების 8%-ზე შემაჯამებელი ოქმების დისბალანსის შემთხვევები დაფიქსირდა, რაც გულისხმობს ბიულეტენების მეტობას ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობაზე.

ორგანიზაციამ ანგარიშში ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მოუწოდა, რომ თავიდან დათვალოს შედეგები იმ უბნებზე, სადაც ბიულეტენების რაოდენობის მეტობა დაფიქსირდა, რადგან ამას, შესაძლოა, საბოლოო შედეგებზე მაქსიმუმ 4.1%-ზე ნაკლები გავლენა მოეხდინა.

ნახეთ Isfed-ის პარალელური დათვლის შედეგები აქ.

კომენტარები