არჩევნები 2020

ადვოკატი: პროკურატურა მელიასთვის შეზღუდვების გაუქმებას და გირაოს 100 000 ლარამდე გაზრდას ითხოვს

ტაბულა

ენმ-ძალა ერთობაშიას წევრის, ნიკა მელიას ადვოკატი, გიორგი კონდახაშვილი ამბობს, რომ პროკურატურამ მელიასთვის შემზღუდავი ღონისძიებების გაუქმება და გირაოს 100 000-ლარამდე გაზრდა მოითხოვა. 

"ვინაიდან დაარღვია აღკვეთის ღონისძიება, გირაოს თანხა გავზარდოთ 30 000-დან 100 000 ლარამდეო. ლოგიკას და სამართლებრივ დასაბუთებულობას არის აბსოლუტურად აცდენილი. პროკურატურამ ყველანაირი შემზღუდავი ღონისძიების, მათ შორის, ელექტრონული მონიტორინგისა და ყველაფერი დანარჩენის, რაც, თავისთავად, ანტიკონსტიტუციური იყო, გაუქმება მოითხოვა. ეს ნიშნავს ძალიან მარტივ რაღაცას - ესე იგი, არ არსებობს მიმალვის, ზემოქმედების, მოწმეებსა და მოქალაქეებზე ზემოქმედების საფრთხე, ესე იგი, არ არსებობს საფრთხე იმ აბსურდისა, რომ საჯარო გამოსვლისას იგი მოუწოდებდა მოქალაქეებს და მოხდებოდა ახალი დანაშაული. ეს, როგორც იქნა, დღეს პროკურატურამ აღიარა და თვითონ მოითხოვეს ამის გაუქმება. 

ვინაიდან ამ ყველაფერს ვაუქმებთ და არაეფექტური იყო, ვერ ვაკონტროლებდითო, გირაოს თანხა გავზარდოთ, რადგან თანხის ოდენობა გახდება შემაკავებელი მელიასთვისო. ყველა შემზღუდავი ღონისძიების გაუქმება, მათ შორის, პასპორტის დაბრუნებაც მოითხოვა. ერთი ხელით გვიბრუნებენ პასპორტს და მეორე ხელით ითხოვენ, რომ დამატებით შემზღუდავი ღონისძიება, საზღვრის კვეთა აეკრძალოს პროკურატურის ნებართვის გარეშე". – ამბობს კონდახიშვილი. 

ადვოკატის ინფორმაციით, მელია გირაოს გადახდას არ აპირებს. 

პროკურატურამ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ნიკა მელიამ პარლამენტთან გამართული აქციის დროს ელექტრონული სამაჯური მოიხსნა და გადააგდო. აქციაზე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ.

"მთავარია, შენს თავს არ უღალატო და თუ ჩვენ ჩვენს თავს არ ვუღალატებთ, სხვებსაც არ ვუღალატებთ და მე უბრალოდ აღარ ვაპირებ ამ სამაჯურის ტარებას. გამორიცხული ამბავია. მე ამ სამაჯურს აღარ ვატარებ, იმიტომ, რომ ეს არის უსამართლობის სიმბოლო, ეს არის ძალადობრივი სამაჯური, რომელსაც მე აღარ შევიბამ, გამორიცხულია და ზუსტად ვიცი, ვიჯდები მე ციხეში, თუ ვიქნები თქვენთან ერთად ამ ბრძოლაში, ერი გაიმარჯვებს". – თქვა მაშინ ნიკა მელიამ.

ნიკა მელიას ამ გადაწყვეტილებას მალევე გამოეხმაურა ქართული ოცნების ლიდერი, ირაკლი კობახიძე, რომელმაც თქვა, რომ დაიჭერენ თუ არა ოპოზიციურ ლიდერს, ეს სამართალდამცავი უწყებების გადაწყვეტილებაა, თუმცა, ეს მას პოლიტიკურად სწორად არ მიაჩნია.

20 ივნისის საქმეზე ნიკა მელიას ბრალი რამდენიმე დღეში, 25 ივნისს წარუდგინეს. მას აღკვეთის ღონისძიებად 25 000-ლარიანი გირაო შეეფარდა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება აეკრძალა. ნიკა მელიას ელექტრონული სამაჯური გაუკეთეს და პროკურატურის ნებართვის გარეშე საცხოვრებელი ადგილის დატოვება შეუზღუდეს.

იმ დროს ენმ-ის დეპუტატს გამოძიება 20 ივნისის აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავებოდა.

კომენტარები