არჩევნები 2020

მდინარაძე: 2%-იანი ცდომილება ბევრია, ISFED-მა წარმოადგინოს, რომელი უბნები დაითვალა და შევადაროთ

ტაბულა

ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ორგანიზაცია სამართლიან არჩევნებს მოუწოდებს, გამოაქვეყნოს ინფორმაცია, რომელი უბნების მონაცემების პარალელური დათვლის შედეგად მიიღეს მონაცემები, რომელიც ცესკოს მონაცემისგან აცდენილია. მამუკა მდინარაძის თქმით, "2%-იანი ცდომილება" ძალიან ბევრია.

"ერთადერთი პარტია არის ქართული ოცნება, სადაც ISFED-ის მონაცემებსა და ცესკოს საიტზე გამოქვეყნებულ მონაცემებს შორის არის დიდი სხვაობა. ეს შეიძლება, ბევრი ხმით აიხსნას და პატარა პარტიების შემთხვევაში, რომელსაც 50-60-80 000 ხმა აქვს, იქ ნაკლები უზუსტობა იყოს, მაგრამ 2%-იანი სხვაობა პარალელურ დათვლაში არის ჩვენი აზრით, ძალიან ბევრი.

ამიტომ, მოვუწოდებთ სამართლიან არჩევნებს, წარმოადგინონ ინფორმაცია საზოგადოებისთვისაც და მოგვაწოდონ ინფორმაცია, რომელი უბნების პარალელური დათვლის შედეგად მიიღეს ის რიცხვი, რაც მათ გამოაქვეყნეს. დეტალურად გავყვეთ ყველა უბნის კონკრეტულ ოქმს და შესაბამის კონკრეტულ მონაცემს, შევადაროთ, რატომ არის ეს თუნდაც 2%-იანი უზუსტობა და ვთქვათ, საბოლოო, ერთობლივი სიმართლე, სად და რატომ არის ეს უზუსტობა. 

ამის შემდეგ, საზოგადოებას ერთობლივად მივაწოდოთ დაზუსტებული და სწორი ინფორმაცია, რომ თუნდაც, ეს მცირე უზუსტობა იყოს აღმოფხვრილი და ბოლომდე გარკვეული, რატომ მოხდა პარალელური დათვლის შედეგად 2%-იანი ცდომილება". – აცხადებს მამუკა მდინარაძე.

ცესკოს ოფიციალური მონაცემებით, ქართულმა ოცნებამ ხმების 48.15% მიიღო, სამართლიანი არჩევნების პარალელური დათვლის შედეგებით, ეს მონაცემი 45.8%-ია. 

გარდა ამისა, სამართლიანი არჩევნების შემაჯამებელი ანგარიშის მიხედვით, საარჩევნო უბნების 8%-ზე შემაჯამებელი ოქმების დისბალანსის შემთხვევები დაფიქსირდა. ეს გულისხმობს ბიულეტენების მეტობას ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობაზე. ISFED-ის შეფასებით, ასეთი მასშტაბის ტენდენცია ბოლო წლების განმავლობაში არ გამოვლენილა და განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს. ორგანიზაციის ცნობით, შედეგებზე შესაძლო გავლენა, დაახლოებით, 4%-ია. ISFED-ი წერს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ თავიდან უნდა დათვალოს შედეგები იმ უბნებზე, სადაც ბიულეტენების მეტობა დაფიქსირდა.

ოპოზიცია ცენტრალური საარჩევნო კომისიის გამოქვეყნებულ მონაცემებს არ ენდობა, 31 ოქტომბრის არჩევნებს არალეგიტიმურად მიიჩნევს და პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს.

კომენტარები