ეკონომიკა

Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში 1 დოლარის ღირებულება 3.31 ლარს გაუტოლდა

ეროვნული ბანკი

Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში 1 დოლარის ღირებულება 3.31 ლარს გაუტოლდა. სავაჭრო დღის გახსნიდან ამ დრომდე სისტემაში ლარი 5,1 თეთრით გაუფასურდა. 

მოსალოდნელია, რომ ეს გაუფასურება აისახება ეროვნული ბანკის ახალ გაცვლით კურსზე, რომელსაც რეგულატორი 17:00 საათზე გამოაცხადებს. 

გუშინ, 2 ნოემბერს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე კიდევ 60 მილიონი დოლარი გაყიდა. სებ-მა ლარის კურსის სტაბილურობისთვის ეს არაერთხელ გააკეთა. მხოლოდ სექტემბერ-ოქტომბერში სებ-მა 320 მილიონი დოლარის რეზერვი გაიტანა სავალუტო ბაზარზე. მთლიანად, მიმდინარე წელს კი ეროვნულმა ბანკმა 709 მილიონი დოლარი გაყიდა.

საქართველოს ეროვნული ვალუტის კურსი განსაკუთრებით დაეცა პანდემიის შედეგად ჩაკეტილი საზღვრებისა და რამდენიმეთვიანი კარანტინის ფონზე. 8 თვის წინ, პანდემიის დაწყებამდე, 2020 წლის 23 თებერვალს ერთი ევროს ოფიციალური კურსი 3.0571 ლარი იყო, ხოლო 1 აშშ დოლარის - 2.8299 ლარი. დღეს 1 დოლარი ოფიციალურად 3.2327 ლარი ღირს, 1 ევრო - 3.7732 ლარი.

კომენტარები