არჩევნები 2020

ოხანაშვილი მელიაზე: ვინც კანონს არ ემორჩილება, ლოგიკურია, პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს

პარლამენტი

ქართული ოცნების დეპუტატი ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ პროკურატურის გადაწყვეტილება ნიკა მელიასთვის ბრალის დამძიმებასთან დაკავშირებით, არა პოლიტიკური დევნა, არამედ სამართლებრივი საკითხია. 

მისი თქმით, ნიკა მელიამ სასამართლოს მიერ დაკისრებული მოვალეობა არაკეთილსინდისიერად შეასრულა, ამიტომ სასამართლომ ზომები უნდა მიიღოს. 

"სპეკულაციაა საუბარი რაიმე ტიპის პოლიტიკურ დევნაზე. ყველამ ერთად ვიხილეთ პირდაპირ ეთერში, როგორ დაარღვია ის პირობა, რომელიც ამ ადამიანს, ნიკანორ მელიას, დაკისრებული ჰქონდა სასამართლო წესით. ყველამ ვიხილეთ დემონსტრაციულად სამაჯურის მოხსნა და გადაგდება. ეს არის სასამართლოს მიერ დაკისრებული მოვალეობის არაკეთილსინდისიერად შესრულება და პირობის დარღვევა.

არსებობს სამართლებრივი მექანიზმი, როდესაც პირს ვისაც აქვს დაკისრებული შესაბამისი პასუხისმგებლობა, ამ შემთხვევაში გირაოს სახით და არღვევს ამ პირობებს, პროკურატურა უფლებამოსილია, იშუამდგომლოს სასამართლოს წინაშე შესაბამისი პირობით. ამიტომ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ სამართლებრივი საკითხი. ვინც არ ასრულებს კანონს და არ ემორჩილება, ლოგიკურია, რომ პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს". – ამბობს ოხანაშვილი. 

პროკურატურა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერისთვის, ნიკა მელიასთვის 100 000-ლარიან გირაოსა და საზღვრის კვეთის აკრძალვას ითხოვს, ბრალდების მხარის წინასწარი ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე.

პროკურატურამ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ნიკა მელიამ პარლამენტთან გამართული აქციის დროს ელექტრონული სამაჯური მოიხსნა და გადააგდო. აქციაზე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ.

კომენტარები