არჩევნები 2020

ბოკერია მელიაზე: ეს არის ავტორიტარული რეჟიმის რეაქცია საზოგადოების ერთსულოვნებაზე

ტაბულა

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია ენმ-ძალა ერთობაშიას ლიდერისთვის, ნიკა მელიასთვის, აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე გენერალური პროკურატურის მოთხოვნას ეხმაურება. 

"ეს არის ავტორიტარული რეჟიმის რეაქცია საზოგადოების ამ ერთსულოვნებაზე. პოლიტიკური პარტიები დღეს გამოხატავენ საზოგადოების უმრავლესობის ერთსულოვნებას, რომ ამ შეურაცხყოფას, დამცირებას და უფლების წართმევას, რომ განსაზღვრონ, ვინ იქნება მთავრობაში, არ მიიღებს საზოგადოება და ამაზე ამ ტიპის რეაქცია აქვთ ყოველთვის ავტორიტარებს.  

ეს ამბავი ყოველთვის ძალიან ცუდად მთავრდება ყველა ავტორიტარული რეჟიმისთვის. ბუნებრივია, ის ქვეყანას ზიანს აყენებს, სანამ ხელისუფლებაშია. თუ ამ ნაბიჯს გადადგამს, შეუძლია, გააგრძელოს ეს პროცესი სხვა ლიდერების მიმართაც, მაგრამ ამ ყველაფრის ფინალი პერსონალურად ივანიშვილისთვის დრამატული დასასრული იქნება. ის ვერ გააჩერებს ვერც აქ შეკრებილი ადამიანების და ვერც საზოგადოების კრიტიკული მასის ამოცანას და განწყობას, რომ ეს ქვეყანა არავის არ დაუთმოს მისატაცებლად, რასაც აკეთებს ივანიშვილი". – ამბობს ბოკერია მთავართან ინტერვიუში. 

პროკურატურამ საქალაქო სასამართლოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერისთვის, ნიკა მელიასთვის, აღკვეთის ღონისძიების შეცვლის მოთხოვნით მიმართა. პროკურატურამ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ნიკა მელიამ პარლამენტთან გამართული აქციის დროს ელექტრონული სამაჯური მოიხსნა და გადააგდო. აქციაზე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ.

ნიკა მელიას გადაწყვეტილებას სამაჯურის მოხსნაზე მალევე გამოეხმაურა ქართული ოცნების ლიდერი, ირაკლი კობახიძე, რომელმაც თქვა, რომ დაიჭერენ თუ არა ოპოზიციურ ლიდერს, ეს სამართალდამცავი უწყებების გადაწყვეტილებაა, თუმცა, ეს მას პოლიტიკურად სწორად არ მიაჩნია.

20 ივნისის საქმეზე ნიკა მელიას ბრალი რამდენიმე დღეში, 25 ივნისს წარუდგინეს. მას აღკვეთის ღონისძიებად 25 000-ლარიანი გირაო შეეფარდა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება აეკრძალა. ნიკა მელიას ელექტრონული სამაჯური გაუკეთეს და პროკურატურის ნებართვის გარეშე საცხოვრებელი ადგილის დატოვება შეუზღუდეს.

იმ დროს ენმ-ის დეპუტატს გამოძიება 20 ივნისის აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავებოდა.

კომენტარები