არჩევნები 2020

ბოკუჩავა: მოპარული არჩევნების შედეგად მიღებული მანდატი არავის სჭირდება

ტაბულა

"მოპარული არჩევნების შედეგად მიღებული მანდატი არავის სჭირდება". – თქვა ენმ-ძალა ერთობაშიას წევრმა, თინა ბოკუჩავამ საპარლამენტო არჩევნებზე საუბრისას. 

ბოკუჩავას თქმით, დღეს ყველა ოპოზიციური პარტია მოაწერს ხელს დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც, ისინი არჩევნებს ლეგიტიმურად არ ცნობენ, ასევე, პარტიები, რომლებმაც ბარიერი გადალახეს, პარლამენტში არ შევლენ და მოითხოვენ ახალი არჩევნების ჩატარებას ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში.

"ეს არჩევნები ბიძინა ივანიშვილმა მოიპარა და, ცხადია, მოპარული არჩევნების შედეგად მიღებული მანდატი არავის სჭირდება ამ ქვეყანაში, ვისაც კი გააჩნია რაიმე პოლიტიკური ღირებულება. ეს ერთიანობა, რაც დღეს აქ ჩანს, არის მართლაც უპრეცედენტო. ჩემი აზრით, ეს გახდება იმ გამარჯვების საფუძველი, რომელიც ძალიან მალე გველოდება. გამარჯვება იქნება არა კონკრეტული პარტიის, არამედ ეს იქნება სიმართლის, სამართლიანობის გამარჯვება და ეს იქნება ქართველი ხალხის გამარჯვება". – ამბობს თინა ბოკუჩავა. 

ყველა ოპოზიციურმა პარტიამ არჩევნების შედეგებს ბოიკოტი გამოუცხადა და არცერთი მათგანი საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში არ შედის.

მანდატებზე უარი თქვა ევროპულმა საქართველომ, ლელომ, ლეიბორისტულმა პარტიამ, გირჩმა, ენმ-ძალა ერთობაშიამ, სტრატეგია აღმაშენებელმა, მოქალაქეებმა და პროპუტინურმა პატრიოტთა ალიანსმა.

საპროტესტო ტალღა მას შემდეგ დაიწყო, რაც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პირველადი შედეგები გამოაქვეყნა. ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით ხმების 100%-ვე დათვლილია და მონაცემები შემდეგნაირად გამოიყურება:

  • ქართული ოცნება – 48.15%
  • ენმ-ძალა ერთობაშია – 27.14
  • ევროპული საქართველო – 3.78%
  • ლელო – 3.15%
  • სტრატეგია აღმაშენებელი – 3.15%
  • პატრიოტთა ალიანსი – 3.14%
  • გირჩი – 2.86%
  • მოქალაქეები – 1.33%
  • ლეიბორისტული პარტია – 1%

30-დან 16 მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტურები გაიმართება.

ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ შედეგებს არალეგიტიმურად ცნობს და პერმანენტულ აქციებს გეგმავენ. თუმცა, შევლენ თუ არა პარლამენტში, ამაზე შიდაპარტიული დისკუსიები ამ დრომდე გრძელდება.

საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები არჩევნების პროცესში მოსყიდვაზე, დაშინებასა და ძალადობრივ ინციდენტებზე საუბრობენ, თუმცა, მიუხედავად ამისა, მიიჩნევენ, რომ არჩევნების შედეგები ლეგიტიმურია, არჩევნები კონკურენტუნარიანი იყო და მეტნაკლებად დაცული იყო ძირითადი თავისუფლებები.

ადგილობრივი დამკვირვებლები კი არაერთ ხარვეზსა და დარღვევაზე მიუთითებენ. გამოქვეყნდა ISFED-ის (სამართლიანი არჩევნები) ხმების პარალელური დათვლის შედეგებიც, რომლის მიხედვითაც, ქართულმა ოცნებამ ხმების 45.8% მიიღო, ენმ-ძალა ერთობაშიამ – 26.4%, ევროპულმა საქართველომ – 3.7%. ცდომილების ხარისხი 0.7%-ია.

ამასთან, სამართლიანი არჩევნების შემაჯამებელი ანგარიშის მიხედვით დაფიქსირდა საარჩევნო უბნების 8%-ზე შემაჯამებელი ოქმების დისბალანსის შემთხვევები, რაც გულისხმობს ბიულეტენების ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობაზე მეტობას.

"მიუხედავად იმისა, რომ ამ ტენდენციას, შესაძლოა, გარკვეული გავლენა მოეხდინა საარჩევნო სუბიექტების მიერ ნაჩვენებ შედეგებზე, PVT ანალიზი აჩვენებს, რომ შედეგებზე შესაძლო მაქსიმალური გავლენა იქნებოდა 4.1%-ზე ნაკლები" – წერს ორგანიზაცია.

არჩევნების შედეგებს განახლებად რეჟიმში თვალი ადევნეთ აქ.

ყველა სიახლე იხილეთ ტაბულას პორტალზე – არჩევნები 2020.

კომენტარები