არჩევნები 2020

NDI-ის ანგარიში: დაშინების შემთხვევებმა კანონმდებლობის კუთხით მიღწეული წინსვლა გადაფარა

"საარჩევნო ოქმებში არსებულმა სავარაუდო უზუსტობებმა, ფართოდ გავრცელებულმა ცნობებმა საარჩევნო უბნებზე ან მის გარეთ დამაშინებელი ქცევის შესახებ, შედეგების დაგვიანებულმა გამოქვეყნებამ და წინასაარჩევნო პერიოდში ძალაუფლების ბოროტად გამოყენების განცდამ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ კანონმდებლობისა და ადმინისტრაციული პროცედურების გაუმჯობესების კუთხით მიღწეული წინსვლა გადაფარა". - ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) არჩევნებთან დაკავშირებით ანგარიშს აქვეყნებს, რომელშიც საუბარია არჩევნების დროს არსებულ დარღვევებსა და რეკომენდაციებზე.

ანგარიშის თანახმად, არჩევნების დღეს სანდო სადამკვირვებლო ჯგუფები, სხვა საკითხებთან ერთად, საარჩევნო ოქმებში არსებულ უზუსტობებსა და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევებზე საუბრობდნენ. მათ ყურადღება გაამახვილეს საარჩევნო უბნების გარეთ ფიზიკური დაპირისპირების, ჟურნალისტებისა და დამკვირვებლებისთვის საქმიანობაში ხელის შეშლის, მოსყიდვის და გაყალბების სავარაუდო შემთხვევებზე, ასევე საარჩევნო უბნების გარეთ პარტიების კოორდინატორებისა და აქტივისტების ყოფნაზე, რაც მათი შეფასებით დამაშინებელ გარემოს ქმნიდა. კენჭისყრის დღის შემდეგ ოპოზიციის აქტივისტებმა მასშტაბური საპროტესტო აქციები წამოიწყეს, სადაც ხმის ხელახალ დათვლას, შედეგების გაუქმებასა და ვადამდელი არჩევნების ჩატარებას მოითხოვდნენ.

NDI-ის ანგარიში საქართველოს საარჩევნო სისტემის გასაუმჯობესებლად 35 რეკომენდაციას გასცემს. მეორე ტურების წინ, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ არჩევნებში მონაწილე მხარეებმა ყურადღება გაამახვილონ შემდეგზე:

  • პასუხისმგებელმა მხარეებმა მეტი ძალისხმევა უნდა გამოიჩინონ, რათა საჩივრები სწრაფად და სათანადოდ იქნას განხილული, ხოლო საჭიროების შემთხვევაში ცალკეულ უბნებზე ხმების ხელახალი გადათვლა ან განმეორებითი კენჭისყრის დანიშვნა მოხდეს. მათ, ასევე, უნდა გამოიძიონ ძალადობისა თუ დაშინების ბრალდებები და თუ საჭირო გახდა, კანონის ფარგლებში პასუხისგებაში მისცენ შესაბამისი პირები. გადაწყვეტილების მიმღებმა მხარეებმა ყველა ზომას უნდა მიმართონ, რათა მომავალში მსგავსი პრაქტიკა არ განმეორდეს.
  • პარტიებმა და კანდიდატებმა საარჩევნო დარღვევების, ძალაუფლების ბოროტად გამოყენების, ზეწოლისა და დაშინების შესახებ ბრალდებების გასამყარებლად სათანადო მტკიცებულებები უნდა წარმოადგინონ და ამ უზუსტობების აღმოსაფხვრელად არსებული ბერკეტები გამოიყენონ.
  • მონაწილე მხარეებმა პატივი უნდა სცენ და დაიცვან მიუკერძოებელი დამოუკიდებელი დამკვირვებლების უფლებები, რათა მათ საქმიანობა ზეწოლისა და დაშინების გარეშე გააგრძელონ.
  • ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უნდა განამტკიცოსსაუბნო საარჩევნო კომისიების მიერ პროცედურების ზედმიწევნით ზუსტად და თანმიმდევრულად აღსრულება, მათ შორის ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა: კომისიის წევრების პასუხისმგებლობების გადანაწილება, ხმის მიცემის ფარულობის უზრუნველყოფა, მარკირების პროცედურების აღსრულება და ოქმების შევსება.
  • მონაწილე მხარეებმა ძალისხმევა უნდა გამოიჩინონ, რათა განმუხტონ დაძაბულობა და ხელი შეუწყონ მშვიდობიან გარემოს. პოლიტიკურმა ლიდერებმა და კანდიდატებმა საკუთარი საქმიანობა კვლავაც ქცევის კოდექსის მიხედვით უნდა წარმართონ.
  • ამომრჩევლებისთვის დაბალანსებული და სანდო ინფორმაციის მისაწოდებლად, პოლიტიკურმა პარტიებმა და კანდიდატებმა სხვადასხვა დებატებსა და პოლიტიკურ გადაცემებში უნდა მიიღონ მონაწილეობა და საზოგადოებას საკუთარი პროგრამები და გეგმები წარუდგინონ.
  • უმნიშვნელოვანესია, რომ არჩევნების მეორე ტურის წინ პარტიებმა და კანდიდატებმა ამომრჩეველთან კომუნიკაციის დროს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ნორმები დაიცვან.

კომენტარები