არჩევნები 2020

ხოშტარია: ამ ხელისუფლების მიერ ჩატარებული მეორე ტური არ იქნება, არ ვიღებთ

ვაკის ოლქში ოპოზიციის საერთო კანდიდატმა, ევროპული საქართველოს წევრმა, ელენე ხოშტარიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ არჩევნების ლეგიტიმურობასა და ხელისუფლების მიერ ჩატარებულ მეორე ტურებს არ აღიარებენ:

"ძალიან მტკიცე და ერთიანი პოზიცია გვაქვს, რომ ეს არის არალეგიტიმური არჩევნები. შესაბამისად, ცხადია, არალეგიტიმურ პარლამენტში ჩვენ არ ვაპირებთ შესვლას. ეს არის ბრძოლის ძალიან მნიშვნელოვანი განაცხადი, რომ ჩვენ არ ვაპირებთ შეგუებას იმასთან, რომ ბიძინა ივანიშვილმა მოგვპაროს არჩევნები, როგორც ინსტიტუტი. ბევრი განხილვა იმას არ უნდა, რომ ამ ხელისუფლების მიერ მეორე ტურიც ვერ ჩატარდება, არ იქნება, არ ვიღებთ, იმიტომ, რომ ჩვენ არ ვიღებთ ზოგადად ამ თამაშის წესებს. არც მეორე ტურის სახით და არც ამ არალეგიტიმურ პარლამენტში შესვლის სახით. ამიტომ, ცხადია, მეორე ტურები არ ჩატარდება". – თქვა მან.

პარტიამ სხვა ოპოზიციურ პარტიებს მიმართა და იმედი დაიტოვა, რომ მათგანაც მალე მოისმენენ სამოქმედო გეგმას.

დედაქალაქის ქუჩებში საპროტესტო ტალღა მას შემდეგ დაიწყო, რაც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პირველადი შედეგები გამოაქვეყნა. ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით ხმების 100%-ვე დათვლილია და მონაცემები შემდეგნაირად გამოიყურება:

  • ქართული ოცნება – 48.15%
  • ენმ-ძალა ერთობაშია – 27.14
  • ევროპული საქართველო – 3.78%
  • ლელო – 3.15%
  • სტრატეგია აღმაშენებელი – 3.15%
  • პატრიოტთა ალიანსი – 3.14%
  • გირჩი – 2.86%
  • მოქალაქეები – 1.33%
  • ლეიბორისტული პარტია – 1%

30-დან 16 მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტურები გაიმართება.

მათ შორის არის ვაკის ოლქიც, სადაც, ცესკოს მონაცემებით, მმართველი პარტიის კანდიდატმა ნოდარ ტურძელაძემ 42.24% აიღო, ელენე ხოშტარიამ კი 35.55%.

კომენტარები