ახალი კორონავირუსი საქართველოში

ნათია თურნავა თვითიზოლაციაში გადავიდა

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა თვითიზოლაციაში გადავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად სამინისტრო ავრცელებს.

ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ მინისტრს მჭიდრო კონტაქტი ჰქონდა კოვიდინფიცირებულთან. მათივე ცნობით, ამ ეტაპზე, ნათია თურნავას COVID 19-ისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნება და ის თავს კარგად გრძნობს.

დღეს, 2 ნოემბერს, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 852 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გარდაიცვალა 7 და გამოჯანმრთელდა 1 696 ადამიანი.

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსის 42 579 შემთხვევაა აღრიცხული, მათგან 26 800 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 335 კი გარდაიცვალა. 

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. ასევე, აჭარაში, თბილისში, მცხეთასა და იმერეთში რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ.

კომენტარები