არჩევნები 2020

კაპანაძე: ივანიშვილმა გადაწყვიტა არჩევნები გაეყალბებინა, ეძალადა, შესაბამის შედეგს მიიღებს

სერგი კაპანაძე
ევროპული საქართველო

ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, სერგი კაპანაძის, თქმით, პარტია მიიჩნევს, რომ ეს არჩევნები არ არის ლეგიტიმური და ის არ გამოხატავს ხალხის ნებას.

მისივე თქმით, საბოლოო გადაწყვეტილებას, შევიდეს თუ არა პარტია პარლამენტში, დღეს 3 საათზე გამოაცხადებენ.


ევროპულ საქართველოს არ მიაჩნია, რომ ეს არჩევნები არის ლეგიტიმური, ჩვენ არ მიგვაჩნია, რომ ამ არჩევნებმა გამოხატა ხალხის ნება, ამიტომ, ვიმოქმედებთ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე პირველ რიგში, რაც პირველ რიგში ნიშნავს იმას, რომ დღეს გადაწყვეტილებას მივიღებთ იმასთან დაკავშირებით შევიდეთ თუ არა პარლამენტში.

ჩემი პირადი აზრია, რომ არ უნდა შევიდეთ, მაგრამ იმის გამო, რომ ჩვენთან ერთი ადამიანი არ წყვეტს არასოდეს და არის კოლეგიალური გადაწყვეტილება, ამაზე გვექნება დისკუსია და 3 საათზე გამოვაცხადებთ პოზიციას, რაც შეეხება დანარჩენს, დანარჩენი არის ბოლომდე იზოლაციაში და მარტო დატოვება ივანიშვილის. მან გადაწყვიტა, რომ არჩევნები გაეყალბებინა ამ ფორმით, ეძალადა გარეთ, მოესყიდა ხალხი და ამის შესაბამის შედეგებს მიიღებს, როგორც პროტესტის სახით, ისე საერთაშორისო და შიდა იზოლაციის სახით". – ამბობს კაპანაძე. 

მისი თქმით, თუ ოპოზიციას მიაჩნია, რომ არჩევნები არალეგიტიმურია, მაშინ მეორე ტურები არ უნდა ჩატარდეს. 

"კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ თუ ჩვენ მიგვაჩნია, რომ არჩევნები არალეგიტიმურია, მაშინ არანაირი მეორე ტურები არ უნდა იყოს. ჩემი პირადი აზრია ეს ოღონდ და დანარჩენზე ვიმსჯელებთ პარტია, სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად". – ამბობს კაპანაძე. 

ცესკოს ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით უკვე დათვლილია უბნების 100%. ქართულ ოცნებას 48.15% აქვს, ენმ-ძალა ერთობაშიას – 27.14%, ევროპულ საქართველოს – 3.78%. 

ოპოზიციური პარტიების ნაწილი არჩევნების შედეგებს არალეგიტიმურად ცნობს, თუმცა, კვლავ იმართება შიდაპარტიული დისკუსიები იმის შესახებ, როგორი უნდა იყოს ოპოზიციის სამოქმედო სტრატეგია. 

კომენტარები