არჩევნები 2020

ომბუდსმენი: ცესკო 4 წელიწადში ერთხელ ისე უნდა მოემზადოს, რომ პროცესი გაუმართავი არ იყოს

სახალხო დამცველი

სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხარვეზებზე საუბრობს. ლომჯარიას თქმით, ცესკოში 4 წელიწადში ერთხელ მაინც ისე უნდა მოემზადონ, რომ პროცესი გაუმართავი არ იყოს.

"ცესკო არის ის ორგანო, რომელსაც ნამდვილად საკმაოდ სოლიდურ თანხას ვუხდით ჩვენ, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეები, იმისთვის, რომ მათ უზრუნველყონ ტექნიკურად არჩევნების გამართულად ჩატარება და ობიექტურად შედეგების შეჯამება. ამისთვის ისინი 4 წელიწადში ერთხელ მაინც ისე უნდა მოემზადონ, რომ ასეთი ტექნიკური, შეგნებული თუ სხვა მიზეზით, ასეთი გაუმართავი პროცესი არ უნდა იყოს.

მათ ასევე ვუსაყვედურებდი COVID-თან დაკავშირებით არასათანადო კამპანიის წარმოებასთან მიმართებით". – თქვა ნინო ლომჯარიამ ფორმულას ეთერში.

ოპოზიციური პარტიების ნაწილი ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ შედეგებს არალეგიტიმურად ცნობს და ისინი პერმანენტულ აქციებს გეგმავენ.

ცესკოს ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით უკვე დათვლილია უბნების 100%. არჩევნების პროპორციული შედეგები პარტიების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:

  • ქართული ოცნება – 48.15%
  • ენმ-ძალა ერთობაშია – 27.14
  • ევროპული საქართველო – 3.78%
  • ლელო – 3.15%
  • სტრატეგია აღმაშენებელი – 3.15%
  • პატრიოტთა ალიანსი – 3.14%
  • გირჩი – 2.86%
  • მოქალაქეები – 1.33%
  • ლეიბორისტული პარტია – 1%

სამართლიანი არჩევნების შემაჯამებელი ანგარიშის მიხედვით დაფიქსირდა საარჩევნო უბნების 8%-ზე შემაჯამებელი ოქმების დისბალანსის შემთხვევები, რაც გულისხმობს ბიულეტენების ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობაზე მეტობას.

"მიუხედავად იმისა, რომ ამ ტენდენციას, შესაძლოა, გარკვეული გავლენა მოეხდინა საარჩევნო სუბიექტების მიერ ნაჩვენებ შედეგებზე, PVT ანალიზი აჩვენებს, რომ შედეგებზე შესაძლო მაქსიმალური გავლენა იქნებოდა 4.1%-ზე ნაკლები" – წერს ორგანიზაცია.

ყველა სიახლე იხილეთ ტაბულას პორტალზე – არჩევნები 2020.

კომენტარები