არჩევნები 2020

დოლიძე: ცესკომ უცებ შეცვალა მონაცემები ჯაფარიძის სასარგებლოდ – თქვენ გაქვთ ნულოვანი ნდობა

დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში დამოუკიდებელი დეპუტატობის კანდიდატი ანა დოლიძე ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართავს. დოლიძის ცნობით, მისი გამარჯვების გამოცხადების შემდეგ ცესკომ მონაცემები სწარაფად ოპოზიციის საერთო კანდიდატის, ზურაბ ჯაფარიძის სასარგებლოდ შეცვალა.

"ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ რამდენიმე წუთის წინ შეაჯამა შედეგები და გამოაცხადა ჩემი გამარჯვება. რასაც გამოეხმაურნენ მედიასაშუალებები. ახლა შეიცვალა უცებ მონაცემები ჯაფარიძის სასარგებლოდ.

ცენტრალური საარჩევნო კომისია, თქვენ გაქვთ ნულოვანი ნდობა. თქვენ თამაშობთ ხალხის ბედით და ამის ფასს გადაიხდით". – წერს დოლიძე საკუთარ Facebook გვერდზე.

ბოლო შედეგების მიხედვით ქართული ოცნების კანდიდატ გია ვოლსკის (42.69%) მეორე ტურში ზურაბ ჯაფარიძე დაუპირისპირდება. მას 21.09% აქვს, ანა დოლიძეს კი – 20.96%.

თავდაპირველად ცესკოს საიტზე ზურაბ ჯაფარიძეს 14 429 ხმა ეწერა, რის შედეგადაც მეორე ტურში დამოუკიდებელი კანდიდატი, ანა დოლიძე გადიოდა. თუმცა, მოგვიანებით, გირჩის ლიდერმა გაავრცელა ცნობა იმის შესახებ, რომ ერთ-ერთი ოქმის შესწორება ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ასახული არ ჰქონდა, რის გამოც, მას 100 ხმით ნაკლები ეწერა.

ჯაფარიძის განცხადებიდან რამდენიმე წუთში ცესკომ მონაცემები განაახლა.

კომენტარები