არჩევნები 2020

მელია: აღარ მინდოდა ივანიშვილის ბიჟუტერია ხელზე, რომელიც მხოლოდ უსამართლობის სიმბოლოა

reginfo.ge

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი და გლდანში ოპოზიციის საერთო კანდიდატი, ნიკა მელია ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილს რამდენიმე დღე აქვს, რათა კარგად გაიაზროს თავისი ქმედებები, წინააღმდეგ შემთხვევაში კი "ნახავს ხალხით გავსებულ თავისუფლების მოედანსა და რუსთაველის გამზირს". 

მისივე თქმით, ოპოზიციის წევრებისა და მხარდამჭერების ივანიშვილის რეზიდენციასთან მისვლის მიზეზი არის, რომ მან იგრძნოს ის ატმოსფერო, რაც შექმნილია.

"ქართველი ერი არის უკვე იმ მდგომარეობაში, რომ საკუთარი ღირსება აღიდგინოს და თავმოყვარეობა აღარ შეალახინოს ამ ბატონს. აქ შემოვუტანეთ, აი, ამ მუხტის, ამ ჟინის რაღაც ბაცილა, რომ ახლო დისტანციიდან გაეგო ხალხის ხმა და ეგრძნო ის ატმოსფერო, რომელიც შექმნილია. 

მე მგონი, მართლა მოწყვეტილია რეალობას და გონია, რომ ის, რაც იკადრა გუშინ, დღეს გაუვა. არავითარ შემთხვევაში. რამდენიმე დღე აქვს, რომ კარგად გაიაზროს ჯერ კიდევ, წინააღმდეგ შემთხვევაში მთელ თავისუფლების მოედანს და რუსთაველის გამზირს იხილავს ხალხით სავსეს". - ამბობს მელია. 

რაც შეეხება, მელიას მიერ აქციაზე ელექტრონული სამაჯურის მოხსნას და გადაგდებას, მელია ამბობს, რომ მისთვის ეს სამაჯური მხოლოდ უსამართლობის სიმბოლოა და არანაირი დატვირთვა არ აქვს.

"აღარ მინდოდა ბიძინა ივანიშვილის ბიჟუტერია ხელზე, რომელსაც არანაირი დატვირთვა არ ჰქონდა ჩემთვის, გარდა უსამართლობის სიმბოლოსი. გუშინ რაც მან აკადრა თავის თანამოქალაქეებს, იარაღის მუქარით ჩაატარებინა ქვეყანას არჩევნები, რომელ ელექტროსამაჯურზეა ლაპარაკი. ისტორიული გამოწვევის წინაშე ვართ და ერთობით აღვასრულებთ ხალხის ნებას". - ამბობს მელია. 

პარლამენტთან გამართული აქციის შემდეგ ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერები და ლიდერები ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან მივიდნენ. ისინი არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ.

აქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშიას ორგანიზებულია, თუმცა, მას სხვა ოპოზიციური პარტიებიც უერთდებიან, მაგალითად, ევროპული საქართველო, ლელო, ლეიბორისტული პარტია, დემოკრატიული მოძრაობა და ა.შ. 

პარლამენტთან აქცია გვიან ღამით მას შემდეგ დაანონსდა, რაც ცესკომ პირველადი შედეგების გამოქვეყნება დაიწყო. ოპოზიციური პარტიების ლიდერები გვიან ღამით ცესკოსთან მივიდნენ და განაცხადეს, რომ ხმების დასაცავად აქციას გამართავენ.

კომენტარები