არჩევნები 2020

კვირას, 8 ნოემბერს, 15:00 საათზე პარლამენტთან ოპოზიციური პარტიები აქციას გამართავენ

ტაბულა

კვირას, 8 ნოემბერს, 15:00 საათზე ოპოზიციური პარტიები საარჩევნო შედეგებთან დაკავშირებით საერთო აქციას გამართავენ. 

აქცია ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგი უგულავამ პარლამენტთან მიტინგზე სიტყვით გამოსვლის დროს დააანონსა. 

"ჩვენ, ყველა პოლიტიკური ორგანიზაცია, სამოქალაქო საზოგადოება და მთლიანად ქართული საზოგადოება ვგეგმავთ გრანდიოზულ აქციას, მსვლელობას, რომ კიდევ ერთხელ ყველამ ერთად დავანახოთ თაღლითს, რა არის საქართველო და ვინ არის საქართველო. მანამდე ამ ერთი კვირის განმავლობაში უნდა დავიაროთ, უნდა გავამხნევოთ ხალხი, რომელიც გუშინ შოკში იყო, რომელიც უყურებდა გამარჯვებას და მერე ხელიდან გამოსტაცეს ეს გამარჯვება". – თქვა გიგი უგულავამ. 

ოპოზიციური პარტიების ნაწილი არჩევნების შედეგებს არალეგიტიმურად ცნობს, თუმცა, კვლავ იმართება შიდაპარტიული დისკუსიები იმის შესახებ, როგორი უნდა იყოს ოპოზიციის სამოქმედო სტრატეგია. 

ცესკოს ბოლო მონაცემების მიხედვით, წინასწარი შედეგებით, ქართულ ოცნებას 48.28% აქვს, ენმ-ძალა ერთობაშიას – 26.57%, ევროპული საქართველო – 3.79%, ლელო – 3.25%, პატრიოტთა ალიანსი – 3.18%, სტრატეგია აღმაშენებელი – 3.15%, გირჩი – 3.03%, მოქალაქეები – 1.38%, ლებორისტული პარტია – 1%. ყველა სხვა პარტიას 1%-ზე ნაკლები აქვს.

ამის პარალელურად გამოქვეყნდა ISFED-ის (სამართლიანი არჩევნები) ხმების პარალელური დათვლის შედეგებიც, რომლის მიხედვითაც, ქართულმა ოცნებამ ხმების 45.8% მიიღო, ენმ-ძალა ერთობაშიამ – 26.4%, ევროპულმა საქართველომ – 3.7%. ცდომილების ხარისხი 0.7%-ია.

ამასთან, სამართლიანი არჩევნების შემაჯამებელი ანგარიშის მიხედვით დაფიქსირდა საარჩევნო უბნების 8%-ზე შემაჯამებელი ოქმების დისბალანსის შემთხვევები, რაც გულისხმობს ბიულეტენების ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობაზე მეტობას.

"მიუხედავად იმისა, რომ ამ ტენდენციას, შესაძლოა, გარკვეული გავლენა მოეხდინა საარჩევნო სუბიექტების მიერ ნაჩვენებ შედეგებზე, PVT ანალიზი აჩვენებს, რომ შედეგებზე შესაძლო მაქსიმალური გავლენა იქნებოდა 4.1%-ზე ნაკლები" – წერს ორგანიზაცია.

არჩევნების შედეგებს განახლებად რეჟიმში თვალი ადევნეთ აქ.

ყველა სიახლე იხილეთ ტაბულას პორტალზე – არჩევნები 2020.

კომენტარები