არჩევნები 2020

კობახიძე: მარტივი არითმეტიკით ვადგენთ, "ოცნებას" 76 მანდატი უკვე გარანტირებული აქვს

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის თქმით, "მარტივი არითმეტიკით დგინდება", რომ არსებული მონაცემებით, "ოცნებას" საქართველოს პარლამენტში 76 მანდატი უკვე აქვს "გარანტირებული". ამის შესახებ კობახიძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

კობახიძის თქმით, 76 მანდატი ნიშნავს, რომ ქართულმა ოცნებამ პირველივე ტურში "დამაჯერებელი" უმრავლესობა მოიპოვა საქართველოს პარლამენტში და შესაბამისად, "ოცნება" ერთპარტიულად ჩამოაყალიბებს მთავრობას, როგორც კი შედგება საქართველოს პარლამენტის პირველი სხდომა.

"ესაა ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება. დარჩენილია 16 გამანაწილებელი მანდატი და თქვენ ყველა ხედავთ, ეს 16-ვე მანდატი, შედეგების მიხედვით, სწორედ მიეკუთვნება ქართულ ოცნებას. ჩვენ დარწმუნებულები ვართ 16-ვე ოლქში დამაჯერებელ გამარჯვებაში. შესაბამისად, ჩვენი დასაბუთებული მოლოდინია, რომ საბოლოო ჯამში, ქართული ოცნების მანდატების რაოდენობა პარლამენტში გაიზრდება 92 მანდატამდე, ესაა პრაქტიკულად გარანტირებული მონაცემები, ესაა ცესკოს უკვე ოფიციალური მონაცემები". – ამბობს კობახიძე.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, საარჩევნო უბნების 80.22%, 3 847 უბნიდან 3086 უბანი დათვლილია. წინასწარი შედეგები კი ასეთია:  

  • ქართული ოცნება – 48.34% 
  • ენმ-ძალა ერთობაშია – 26.43% 
  • ევროპული საქართველო – 3.78%
  • ლელო – 3.26%  
  • პატრიოტთა ალიანსი – 3.2%
  • სტრატეგია აღმაშენებელი – 3.16%  
  • გირჩი – 3.06% 
  • მოქალაქეები – 1.4% 
  • ლეიბორისტული პარტია – 1% 
  • ნინო ბურჯანაძე – ერთიანი საქართველო – 0.86% 

სხვა პარტიების შედეგები – ნახეთ აქ.

იხილეთ არჩევნების წინასწარი შედეგები განახლებად რეჟიმში – ამ გვერდზე.

კომენტარები