არჩევნები 2020

შსს: არჩევნებზე მომხდარ 12 ინციდენტზე გამოძიება სსკ-ით დაიწყო, 16-ზე – ადმინისტრაციული წესით

კახა საბანაძე
საქართველოს მთავრობა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პოლიციამ არჩევნების დღეს 12 ინციდენტთან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის წესით. გარდა ამისა, შს მინისტრის მოადგილე კახა საბანაძემ სპეციალურ ბრიფინგზე თქვა, რომ 16 საქმეზე დაიწყო ადმინისტრაციული საქმის წარმოება.

  • სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაწყებულ გამოძიებას (ნივთის დაზიანება ან განადგურება), რომელიც გლდანში პუბლიკას ჟურნალისტთან მომხდარ ინციდენტს უკავშირდება, დაემატა სსკ-ს 154 -ე მუხლის 1 ნაწილი, რაც ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს.
  • სსკ-ს 126-1 ნაწილით (ძალადობა) გამოძიება დაიწყო ქალაქ თბილისში, №40 საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ფიზიკური ძალადობის ფაქტზე;
  • სსკ-ს 162-ე პრიმა მუხლის (კენჭისყრის შენობაში, საარჩევნო კომისიის განთავსების ადგილას, ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, ან წინასაარჩევნო აგიტაციის, ან წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს ძალადობა ან ძალადობის მუქარა) 1 ნაწილით მიმდინარეობს გამოძიება ვარკეთილის მე-4 მიკრო რაიონში, 39-ე და მე-40 საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით;
  • სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის (ძალადობა) პირველი ნაწილითაა დაწყებული გამოძიება თბილისში, კახეთის გზატკეცილზე განთავსებულ №78 საარჩევნო უბანზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით;
  • სსკ-ს 187-ე (ნივთის დაზიანება ან განადგურება) და 162-ე პრიმა მუხლის 1 ნაწილით (კენჭისყრის შენობაში, საარჩევნო კომისიის განთავსების ადგილას ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, ან წინასაარჩევნო აგიტაციის ან წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს ძალადობა ან ძალადობის მუქარა) მიმდინარეობს გამოძიება თბილისში №90 საარჩევნო უბანზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით;
  • ასევე ქალაქ ქუთაისში №37-ე საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე, მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე ქუთაისის რაიონულ სამმართველოში სსკ-ს 162-ე პრიმა მუხლის 1 ნაწილით (კენჭისყრის შენობაში, საარჩევნო კომისიის განთავსების ადგილას ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, ან წინასაარჩევნო აგიტაციის ან წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს ძალადობა ან ძალადობის მუქარა) დაიწყო გამოძიება;
  • სსკ-ს 126-ე მუხლის (ძალადობა) პირველი ნაწილითაა დაწყებული გამოძიება რუსთავის N16 საარჩევნო უბნის გარე პერიმეტრზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით;
  • სსკ-ს 126-ე მუხლის (ძალადობა) პირველი ნაწილითა და 353-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს გამოძიება რუსთავში N-64 საარჩევნო უბანთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, დაკავებულია ერთი პირი;
  • სსკ-ს 162-ე პრიმა მუხლის 1 ნაწილით (კენჭისყრის შენობაში, საარჩევნო კომისიის განთავსების ადგილას ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, ან წინასაარჩევნო აგიტაციის ან წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს ძალადობა ან ძალადობის მუქარა) დაიწყო გამოძიება მარნეულის რაიონის სოფელ დაშტაფაში მდებარე N52-ე საარჩევნო უბანზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით;
  • სსკ-ს 126-ე მუხლით (ძალადობა) მიმდინარეობს გამოძიება 31 ოქტომბერს, მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში მდებარე N89-ე საარჩევნო უბანზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით;
  • სსკ-ს 162-ე პრიმა მუხლის 1 ნაწილით (კენჭისყრის შენობაში, საარჩევნო კომისიის განთავსების ადგილას ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, ან წინასაარჩევნო აგიტაციის ან წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს ძალადობა ან ძალადობის მუქარა) დაიწყო გამოძიება სენაკის 64-ე საოლქო საარჩევნო კომისიის მე-16 საარჩევნო უბანზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით;
  • სსკ-ს 126-ე მუხლის (ძალადობა) I ნაწილითაა გამოძიება დაწყებული ზუგდიდის N 80 საარჩევნო უბანთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით.

"როგორც ზემოთ აღვნიშნე, პოლიციამ 16 ფაქტზე დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება, დავაკავეთ პირი, მათ შორის გლდანში N39 საჯარო სკოლაში განთავსებულ საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166 -ე და 173 -ე მუხლების საფუძველზე 6 პირი დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებთან, ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სახალხო დამცველის აპარატთან. პოლიციის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე თანამშრომლობის მიზნით, სამინისტროში გამოყოფილი არიან შესაბამისი საკონტაქტო პირები. ამასთან, მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო მათ აქტიური თანამშრომლობისთვის, როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ასევე არჩევნების დღეს". – განაცხადა საბანაძემ.

კომენტარები