არჩევნები 2020

თამარ ჟვანია: ყველა შეფასება, რომ ცესკო რაღაცას არასწორად აკეთებს, არის აბსოლუტურად მცდარი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ ბრიფინგი გამართა. ის გამოეხმაურა ოპოზიციის ბრალდებებს არჩევნების შედეგების სიმცდარეზე:

"მივმართავ ყველა ჩართულ მხარეს. ყველა ის შეფასება, რომელიც თითქოსდა იმგვარია, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია რაღაცას არასწორად აკეთებს, არის აბსოლუტურად მცდარი და საფუძველს მოკლებული. მე ამას იმიტომ ვაცხადებ, რომ ცესკომ, შეიძლება ითქვას, ათეული წელია დაამტკიცა, რომ მის მიერ დათვლილი შედეგები არის ზუსტი. ეს მტკიცდება, როგორც საერთაშორისო დასკვნებით და შეფასებებით, ისე არასამთავრობო ორგანიზაციების დათვლის შედეგებით.

მახსენდება წინა არჩევნები, როდესაც იგივე პოლიტიკური სუბიექტები ჩვენ ბრალს გვდებდნენ არჩევნების შედეგების თითქოსდა შეცვლაში, მაგრამ მათივე დათვლილი შედეგი იყო ერთი-ერთში ზუსტად ისეთი, როგორიც ჩვენი და არასამთავრობო, მაღალი რეპუტაციის მქონე ორგანიზაციების პარალელური დათვლის შედეგები წლებია ერთ-ერთში ემთხვევა ცესკოს შედეგებს.

მინდა, მივმართო საზოგადოებას - ნუ აყვებით პოლიტიკურ ინტერესებს, ხელი შეუწყვეთ და პატივი ეცით ამ ქვეყნის ამომრჩევლების ნებას". – თქვა მან.

წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლემბა განაცხადეს, რომ შედეგები არალეგიტიმურია და 4 საათზე რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია დააანონსეს.

წინასწარი შედეგები შეგიძლიათ, ნახოთ აქ.

კომენტარები