არჩევნები 2020

მდინარაძე: ცესკოში მომხდარით უნდა დაინტერესდნენ საერთაშორისო დამკვირვებლები

პარლამენტი

"ცესკოში რამდენიმე წუთის წინ მომხდარი ფაქტით, ბუნებრივია, დაინტერესდებიან და აუცილებლად უნდა დაინტერესდნენ საერთაშორისო დამკვირვებლები, სხვანაირად გამორიცხულია". – ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე, ცესკოში მომხდარ შემთხვევას ეხმაურება, როცა ენმ-ძალა ერთობაშიას ცესკოს წევრმა, თამარ ჟვანიას ბრიფინგი შეაწყვეტინა.  

"რეალურად არ არის ასახული ის პროცენტები, რომლებსაც ამომრჩეველმა მისცა ხმა. ეს არის ყველაფერი ფარსი და ყალბი". – ამბობდა ენმ-ს ცესკოს წევრი. 

მდინარაძის თქმით, მომხდარით საერთაშორისო დამკვირვებლები უნდა დაინტერესდნენ. 

"ცესკოში რამდენიმე წუთის წინ მომხდარი ფაქტით, ბუნებრივია, დაინტერესდებიან და აუცილებლად უნდა დაინტერესდნენ საერთაშორისო დამკვირვებლები, სხვანაირად გამორიცხულია. როდესაც ჩვენ გიყვებით იმის შესახებ, თუ როგორ ხდებოდა ხელის შეშლა ადგილზე, უბნებზე, საოლქო დონეზე, ამის ყველაზე კარგი მტკიცებულება თავადვე შექმნეს. ეს მოაწყვეს ცენტრალურ დონეზეც. ორჯერ შეეცადნენ პირდაპირ ეთერში - ამასაც არ მოერიდნენ - გაეწყვეტინებინათ ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის ბრიფინგი. თქვენ წარმოიდგინეთ, რას იზამდნენ მათი წარმომადგენლები ადგილობრივ დონეზე . პროცესის გაჭიანურება არის ყველაზე რბილი ვარიანტი, რაც კი შეიძლება, მათ დააბრალო". – ამბობს მდინარაძე. 

ამჟამად ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, დათვლილია 39.98% (1538 უბანი 3847-დან). ამ მონაცემებით, ქართულ ოცნებას ხმათა 50.93% აქვს.

გაერთიანებული ოპოზიციის წევრები ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ პირველად შედეგებს არ იზიარებენ და ამბობენ, რომ ხელისუფლებამ ხმები გააყალბა. ისინი ამ წუთებში, ცესკოს ოფისთან იკრიბებიან. 

კომენტარები