არჩევნები 2020

ვაშაძე ცესკოს: ჩვენი პასუხისმგებლობის გრძნობა სისუსტეში არ შეგეშალოთ

ინტერპრესნიუსი

"ჩვენი პასუხისმგებლობის გრძნობა სისუსტეში არ შეგეშალოთ".– მიმართავს ენმ-ძალა ერთობაშიას წევრი და ქუთაისში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. 

გრიგოლ ვაშაძე ითხოვს, რომ ცესკომ არჩევნების რეალური შედეგები გამოაქვეყნოს და გაასაჯაროოს ყველა ბიულეტენი, რომელიც გაუქმდა. 

"აბსოლუტური კლოუნადის მომსწრეები ვართ. დღეს მთელი დღე ქუთაისში ამომრჩეველიც, ვინც მონაწილეობას ვღებულობთ არჩევნებში, ჟურნალისტებიც, გაკვირვებით ვუყურებდით, რომ ასე თუ ისე ეს არჩევნები ნორმალურად მიდიოდა. თურმე, ყველაფერი მომზადებული იყო, რომ შემდეგ 2018 წლის მაგვარი ოპერაცია გაემეორებინათ და კიდევ ერთხელ მოეპარათ საქართველოს მოქალაქისთვის არჩევანი, რომელიც მან გააკეთა.  

მინდა, მივმართო ცესკოს, პირადად ქალბატონ თამარ ჟვანიას და ჩვენს ოპონენტებს - მეგობრებო, ჩვენი პასუხისმგებლობის გრძნობა სისუსტეში ნუ გერევათ. 2018 წელს იმის გამო, რომ ვალს და ვალდებულებას ვგრძნობთ ამ სახელმწიფოს წინაშე, გადავყლაპეთ ყველაფერი და თავი შევიკავეთ. ახლა ის ნუ გააკეთებთ, რომ ჩვენ ყველაფერზე უარი ვთქვათ, თქვენ კი ხალხმა კაბინეტებიდან ფეხებით გამოგათრიოთ. რატომ არ აქვეყნებთ? შეიძლება, რომ თქვენს მთავარ არხზე, საიდანაც გამარჯვების რელაციები მოდიოდა, ფილმი გადიოდეს რაღაც და თქვენმა ყველა სპიკერმა ენა ჩაიწყვიტოს? ხომ გასაგებია, რა ხდება? ქართველი გინდათ, მაგით მოატყუეთ? თქვენ ატრაქციონებს 8 წელია, ვუყურებთ. კიდევ ერთხელ გიმეორებთ, ჩვენი პასუხისმგებლობის გრძნობა სისუსტეში არ შეგეშალოთ". – ამბობს ვაშაძე. 

ვაშაძის თქმით, ცესკომ გადააცილა ვადებს, როდესაც ოქმები ატვირთული უნდა ყოფილიყო. მისივე ინფორმაციით, ქუთაისში ოლქებზე, სადაც ენმ-ძალა ერთობაშიამ გაიმარჯვა, "ერთად გაფუჭდა ყველა ქსეროქსი, თავმჯდომარეს მე-17-ჯერ მოუნდა უკვე დათვლილი ოქმების გადათვლა." ვაშაძე ამბობს, რომ ზოგიერთ უბანზე 47 ბიულეტენია გაუქმებული, რომლებშიც ენმ-ძალა ერთობაშიას კანდიდატია შემოხაზული. 

იხილეთ არჩევნების წინასწარი შედეგები განახლებად რეჟიმში - ამ გვერდზე

კომენტარები