არჩევნები 2020

დოლიძე: ხუდადოვზე ზონდერ-არასამთავრობოების წარმომადგენელთა გასამხნევებლად კაწრო გამოჩნდა

ანა დოლიძე
ანა დოლიძე

დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის დამოუკიდებელი კანდიდატის, ანა დოლიძის თქმით, ხუდადოვის ქუჩაზე საარჩევნო უბანთან ე.წ. კაწრო გამოჩნდა, რათა "გაემხნევებინა ხალხი, ვინც იქ მუშაობს." 

"ჩვენმა წარმომადგენელმა მოისმინა, რომ იქ, მე-5 საჯარო სკოლაში, ხუდადოვზე, არაერთხელ იყო ნახსენები კაწრო. კუკია ახლოს არის, სადაც მოღვაწეობს და საქმიანობს ბატონი კაწრო. იქ იყო კონცენტრირება ამ ქალბატონების, რომლებიც რამდენიმე NGO-ს სახელით, დავარქვათ ზონდერარასამთავრობოებისა და ე.წ. ძველი ბიჭების სახელით მოქმედებენ. ისინი აჩერებდნენ თითქმის ყველა ამომრჩეველს ჭიშკართან, ეკითხებოდნენ სახელს და გვარს, ამობილიზებდნენ ხალხს.

სადღაც 2-ის ნახევრისთვის იქ გამოჩნდა თავად ბატონი კაწრო. მოვიდა, მიესალმა, ამ დროს, ჩვენ უკვე გვყავდა გამოძახებული პატრული, რომელიც მოვიდა რამდენჯერმე დარეკვის შემდეგ. მოვიდა, იქ მყოფ პირებს მიესალმა და გავიდა, ხმა არ მისცა [...] ალბათ, პირადად გამოჩნდა, რომ გაემხნევებინა ის ხალხი, ვინც იქ მუშაობს." - ამბობს ანა დოლიძე მთავართან ინტერვიუში. 

ავთანდილ ბილანიშვილის, იგივე კაწროს, სახელი გიორგი შაქარაშვილის საქმეში რამდენჯერმე გამოჩნდა. მთავარი არხი ამტკიცებდა, რომ ის ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან დაკავშირებული "ქუჩის ავტორიტეტია", რომელიც დამნაშავეთა სასარგებლოდ საქმის ჩაფარცხვას ცდილობს. 

არჩევნების შესახებ ყველა სიახლეს თვალი ადევნეთ ტაბულას პორტალზე – არჩევნები 2020.

კომენტარები