არჩევნები 2020

ლელო: სამტრედიაში ჩვენი მხარდამჭერი გარდაცვლილად გამოაცხადეს, ის გადასატან ყუთს ელოდებოდა

არჩევნების მიმდინარეობის დროს არსებულ დარღვევებზე ლელოს ლიდერებმა დავით უსუფაშვილმა და თაზო დათუნაშვილმა ბრიფინგი გამართეს. მათი თქმით, პარტიის დამკვირვებლებმა ამ დროისთვის რამდენიმე საჩივარი დაწერეს.

"ერთი ნაძალადევის მე-13 უბანზე, სადაც საკონტროლო ფურცელში ჩაწერეს ადამიანი, რომელიც გადასატანი ყუთის სიაში იყო ჩაწერილი, რაც საკმაოდ მძიმე დარღვევაა. ასევე დარღვევა გამოვლინდა ნაძალადევის 55 და 56 უბანზე, სადაც მარკირების ხსნარზე შეიქმნა პრობლემა.

დარღვევა დაფიქსირდა სამტრედიის ოლქის მე-14 უბანზე, სადაც ლელოს მხარდამჭერი ელოდებოდა გადასატან ყუთს, რათა თავისი ხმა დაეფიქსირებინა, ის გარდაცვლილად გამოაცხადეს. რაც არის კანონისა და ამომრჩევლის უფლების უხეში დარღვევა" - აცხადებს ლელო.

პარტიის ინფორმაციითვე, გურჯაანის 30-ე საარჩევნო უბანზე ორი ადამიანი ერთდროულად იყო შესული ხმის მიცემის კაბინაში.

"ჩვენმა წარმომადგენელმა საჩივრის დაწერა მოითხოვა, რა დროსაც მას დაატოვებინეს საარჩევნო ოლქი ყოველგვარი პროცედურების დარღვევით, ოქმის დაწერის გარეშე. ეს არის მძიმე დარღვევა და შედეგების გაბათილებას ექვემდებარება,“ - განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.

"იმედს ვიტოვებ, რომ ეს არჩევნები ჩაივლის დემოკრატიულად და მივიღებთ იმ შედეგს, რომელიც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. ყველას მოვუწოდებ არჩევნებში მონაწილეობისკენ. ის ხარვეზები, რომელიც შეინიშნება ამ მდგომარეობისთვის, კონკრეტულ რეგიონს არ დავასახელებ ფაქტის დაზუსტებამდე, მაგრამ დაფიქსირებულია ე.წ საარჩევნო "კარუსელი". როგორც კი ფაქტები გვექნება, ჩვენ გავაჟღერებთ ოლქს და უბანს. ეს არ არის ის არჩევნები, რომ ხელისუფლებას მოგება გარანტირებული აქვს, ყველა მსგავსი ფაქტი იქნება გამოძიებული. ჩვენ და ყველა ოპოზიციური პარტია ვმუშაობთ გაათმაგებულად და დღევანდელი არჩევნები დასრულდება ხალხის სასიკეთოდ,“- განაცხადა უსუფაშვილმა.

ველა საარჩევნო სიახლეს განახლებად რეჟიმში თვალი ადევნეთ ტაბულას პორტალზე – არჩევნები 2020.

კომენტარები