არჩევნები 2020

ხოშტარია: ვაკეში 54-ე უბანზე რეგისტრატორმა ისე მოხია ბიულეტენები, რომ 2 ნომერიც მიაყოლა

"ვაკეში 54-ე უბანზე რეგისტრატორმა ისე მოხია ბიულეტენები, რომ 2 ნომერი და ჩემი გვარიც მიაყოლა ვითომ არ ვარ" - პარტია ევროპული საქართველოს წევრი, ვაკის ოლქში ოპოზიციის საერთო კანდიდატი, ელენე ხოშტარია თავის Facebook გვერდზე წერს.

ხოშტარიამ სოციალურ ქსელში ამის ამსახველი ფოტოც გაავრცელა. 

აღსანიშნავია, რომ ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის თქმით, ასევე გურჯაანის 31-ე უბანთან ქართული ოცნების კომისიის წევრები ამომრჩეველს ბიულეტენს ისე აძლევენ, რომ 2-იანი მოხეული იყოს.

"ვაკის 54-ე უბანი და გურჯაანის 31-ე უბანთან ვხედავთ ესეთ პრაქტიკას, ქართული ოცნების კომისიის წევრები, როცა ბიულეტენს აძლევენ ამომრჩეველს, ისე ახევენ, რომ მასზე 2 ნომერი არის მოჭრილი, ანუ პრაქტიკულად, ამომრჩეველს აძლევენ ბიულეტენს 2 ნომრის გარეშე. ამომრჩეველს უკარგავენ საშუალებას, რომ 2 ნომერი შემოხაზონ". 

ევროპული საქართველოსვე ცნობით, ბიულეტენს 2 ნომერს მარნეულის 47 უბანზეც ისე ახევენ, რომ ამომრჩეველს სიაში აღარ დახვდეს.

ყველა საარჩევნო სიახლეს თვალი ადევნეთ ტაბულას პორტალზე – არჩევნები 2020.

კომენტარები