არჩევნები 2020

CDD: რიგ საარჩევნო უბნებზე არ ხდება იდენტიფიცირების მიზნით პირბადის დროებით მოხსნაზე მითითება

განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი (CDD) საერთაშორისო ორგანიზაცია დემოკრატიის, მედიის და კულტურული გაცვლის ინსტიტუტთან (IDEM) თანამშრომლობით ერთობლივი მისიით აკვირდება საქართველოს საპარლამენტო არჩევნებს.

10:00 საათის მონაცემებით იმ უბნებზე, სადაც ორგანიზაციები სარჩევნო პროცესს აკვირდებიან, საარჩევნო უბნების გახსნის პროცესმა ძირითადად პროცედურების სრული დაცვით ჩაიარა, 8:00 საათისთვის უბნები მზად იყო ამომრჩევლების მიღებისთის. კენჭისყრის პროცესი უმეტესად მშვიდ და ორგანიზებულ გარემოში მიმდინარეობს.

თუმცა ორგანიზაციები აღნიშნავენ დარღვევის ფაქტებს სხვადასხვა საარჩევნო უბნებზეც. გორის, ზუგდიდის და მცხეთის მაჟორიტარულ ოლქებში აღირიცხა ე.წ კოორდინატორების მობილიზების შემთხვევები სააჩევო უბნებთან, რომლებიც კონკრეტული საარჩევნო სუბიექტების მხარდამჭერების აღრიცხვას აწარმოებდნენ. CDD-მ ასევე აღრიცხა COVID-19-თან დაკავშირებით მიღებული რეგულაციების დარღვევა, რიგ საარჩევნო უბნებზე ამომრჩევლის იდენტიფიცირების მიზნით პირბადის დროებით მოხსნაზე მითითება არ ხდება.

საყურადღებო ფაქტები, რომელთა შესახებაც CDD-მ და IDEM-მა ინფორმაცია გაავრცელეს:

  • რიგ საარჩევნო უბნებზე არ ხდება შენობაში შემსვლელ უფლებამოსილ პირთა თერმოსკრინინგი და იდენტიფიცირების მიზნით პირბადის დროებით მოხსნაზე მითითება. აგრეთვე რიგ უბნებზე არ არის განთავსებული დეზობარიერი. მნიშვნელოვანია, საუბნო საარჩევნო კომისიების მიერ COVID-19 ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით მოხდეს ცესკოს მიერ დადგენილი
    წესების სრულფასოვანი შესრულება. აღნიშნული უმეტესად დაფიქსირდა დიდუბისა და რუსთავის მაჟორიტარულ ოლქში შემავალ საარჩევნო უბნებზე.
  • გრძელდება მანკიერი პრაქტიკა და ეგრეთ წოდებული "კოორდინატორების" მობილიზების შემთხვევები საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე, რომლებიც "ჟურნალში"კონკრეტული საარჩევნო სუბიექტების მხარდამჭერების აღრიცხვას აწარმოებდნენ. აღნიშნული დაფიქსირდა გორის, ზუგდიდისა და მცხეთის მაჟორიტარულ სარჩევნო ოლქებში.
  • CDD-ს პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციის (IDEM) დამკვირვებელი, რომელსაც ჰქონდა უბანში შესვლისათვის საჭირო ყველა დოკუმენტი, არ დაუშვეს ქუთაისის მაჟორიტარული ოლქის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე, თუმცა ცესკოს ინფორმირებისა და მათი დროული რეაგირების შემდგომ მოხდა მისი დაშვება. ანალოგიური ფაქტი დაფიქსირდა იტალიის რესპუბლიკაში, ქ.რომში გახსნილ საარჩევნო უბანზე.
  • ერთ-ერთი მედიასაშუალების წარმომადგენლები ახორციელებენ შემსვლელ პირთა ფოტოგადაღებას, ეს უკანასკნელი არჩევნებზე მისულ პირთა  დენტიფიცირების საშუალებას იძლევა და ფარული კენჭისყრის უფლების დარღვევას წარმოადგენს. აღნიშნული ფაქტები უმეტესად დაფიქსირდა ოზურგეთის მაჟორიტარული ოლქში შემავალ საარჩევნო უბნებზე.

სადამკვირვებლო მისიამ ასევე აღირიცხა რიგი პროცედურული ხასიათის დარღვევები:

პროცედურული ხასიათის დარღვევები:

  • საარჩევნო ყუთის დალუქვის წესის დარღვევა - ბათუმის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე
  • წილისყრის პროცედურების დარღვევა - თბილისის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე
  • კომისიის წევრების მხრიდან წილისყრით მინიჭებული ფუნქციის შესრულებაზე უარი - ზუგდიდის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე
  • კომისიის წევრის დაგვიანებით გამოცხადება - ბათუმის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე
  • კენჭისყრის კაბინაში ხმის მიცემის პროცესში არაუფლებამოსილი პირის შესვლის მცდელობა - ზუგდიდის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე

მცირე პროცედურული ხასიათის დარღვევები:

  • საარჩევნო უბანი ხმის მიცემისთვის დაგვიანებით გაიხსნა - გორის და ბათუმის მაჟორიტარული საარჩევნო ოლქში შემავალ უბნებზე
  • რეგისტრატორებისთვის საარჩევნო ბიულეტენების გადაცემის წესის დარღვევა - ქუთაისის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე
  • ამომრჩეველთა სამაგიდო სიების ფოტოვიდეოგადაღება - ზუგდიდის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე
  • ფოტოვიდაოგადაღების წესების დარღვევა - რუსთავის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე
  • კენჭისყრის შენობის შესასვლელიდან 25 მეტრის მანძილზე სააგიტაციო მასალის განთავსება-
    ოზურგეთის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე

არჩევნების შესახებ ყველა სიახლეს თვალი ადევნეთ ტაბულას პორტალზე – არჩევნები 2020.


 

კომენტარები