არჩევნები 2020

ISFED: გარკვეულ უბნებზე შეინიშნება კოორდინატორების გარეთ მობილიზება, ფარულობის დარღვევა

სამართლიანი არჩევნების ცნობით, საარჩევნო უბნებზე სხვადასხვა სახის დარღვევები გამოვლინდა. მათი ცნობით, იყო შემთხვევები სადაც დაირღვა დამკვირვებლის უფლებები, მოხდა წილისყრის წესის დარღვევა, ასევე COVID-19-ის რეგულაციების დარღვევა. 


#20 რუსთავის საარჩევნო ოლქის #54 საარჩევნო უბანზე „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელი არ შეუშვეს 8 საათამდე.

#22 მარნეულის საარჩევნო ოლქის #25 საარჩევნო უბანზე დამკვირვებელს არ ეძლევა უბანზე გადაადგილების შესაძლებლობა.

#12 გურჯაანის საარჩევნო ოლქის #30 საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის დროს
ირღვევა კენჭისყრის ფარულობა. ამომრჩევლებს ბიულეტენები კაბინებიდან
გამოაქვთ გახსნილ მდგომარეობაში ისე, რომ უბანზე მყოფ პირებს შეუძლიათ
დანახვა, თუ ვის მისცეს ხმა.

წილისყრის წესის დარღვევა:

#9 ნაძალადევის საარჩევნო ოლქის #90 საარჩევნო უბანზე წილისყრის პროცედურები ჩატარდა დარღვევით, კერძოდ, კომისიის წევრებმა თვითნებურად გაცვალეს ფურცლები, სადაც მითითებული იყო, რა ფუნქციები უნდა შეესრულებინათ.
#27 მცხეთის საარჩევნო ოლქის #24 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ წილისყრის ფურცლები არ დაამოწმა საუბნო საარჩევნო კომისიის სპეციალური ბეჭდით. საოლქო საარჩევნო კომისიამ საუბნო კომისიას წილისყრის ხელახლა ჩატარება დაავალა, თუმცა საარჩევნო უბანი მითითებას არ ასრულებდა.

COVID-19-ის რეგულაციები
#30 კასპის საარჩევნო ოლქის #21 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორი კომისიის წევრი ამომრჩეველს პირბადეს არ ახსნევინებდა და ისე ატარებდა შესაბამის პროცედურებს. მითითების მიღების შემდეგ აღნიშნული დარღვევა აღმოიფხვრა.

#29 ყაზბეგის საარჩევნო ოლქის #7 საარჩევნო უბანზე მისულ 10-ზე მეტ ამომრჩეველს ნაკადის მომწესრიგებელმა და რეგისტრატორმა კომისიის წევრმა არ მოსთხოვეს დროებით პირბადის მოხსნა.


მათივე ცნობით, გარკვეულ უბნებზე არაუფლებამოსილი პირები იმყოფებოდნენ, ასევე იყო შემთხვევები, როცა დაიკარგა საარჩევნო ყუთის ლუქი, დაირღვა მარკირების წესი, უბნის გარეთ იყო კოორდინატორების მობილიზება.

ყველა საარჩევნო სიახლეს თვალი ადევნეთ ტაბულას პორტალზე – არჩევნები 2020.

კომენტარები