არჩევნები 2020

ხოშტარია: სუსტია ბიძინა ივანიშვილი, ვერ ასხივებს ძალას, წაგებულთან არ მიდიან

ფოტო: ტბელ აბუსერიძე

პარტია ევროპული საქართველოს წევრმა, ვაკის ოლქში ოპოზიციის საერთო კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ ტვ პირველის ეთერში ოპოზიციის წინასაარჩევნო შეთანხმებაზე ილაპარაკა:

"ოპოზიცია ვართ შეთანხმებული, რომ ბიძინა ივანიშვილი უნდა წავიდეს და ამ საკითხში ჩვენმა ერთიანობამ მოგვცა საშუალება თბილისში გვყოლოდა საერთო კანდიდატები. ამ საერთო ამოცანამ, პროპორციული არჩევნები და ბიძინა ივანიშვილის გაშვების სურვილმა უკვე გვანახა, რომ ოპოზიციას შეუძლია შეჯერება გარკვეულ საკითხებზე. ასეთივე ფაქტია, რომ ჯერ არ გვყავს კონსენსუსური პრემიერმინისტრობის კანდიდატი. აუცილებლად ვიპოვით ასეთ კანდიდატს.

დავუშვათ, ვერ შეთანხმდი იმიტომ, რომ გაჯიუტდა რომელიმე პარტია. ჩატარდება არჩევნები და კრახით დაამთავრებს ეს პარტია იმიტომ, რომ ხალხი ელოდება საქმის კეთება."

მან ასევე ილაპარაკა იმის შესაძლებლობაზე, რომ ოპოზიციის რომელიმე წარმომადგენელი კოალიციაში შევიდეს ქართულ ოცნებასთან:

"სუსტია ბიძინა ივანიშვილი. ვერ ასხივებს ძალას. მის გუნდს არ აქვს ძალა. მე სიურპრიზებს არ ველოდები ოპოზიციაში. გარდა იმისა, რომ ვიღაცების უბრალოდ მჯერა, სხვა ნაწილშიც, ვისიც შეიძლება პერსონალურად არ მჯეროდეს და მერყევები იყვნენ, პრაგმატულად იქნება მათთვის არამომგებიანი. წაგებულთან არ მიდიან. დღესაც კი იგრძნობოდა, რომ ბიძინა ივანიშვილი არის წაგებული". - თქვა მან.

30 ოქტომბერს ლეიბორისტული პარტიის ოფისის მაგიდის ირგვლივ გაერთიანებულმა ოპოზიციამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, ისინი არჩევნების შემდეგ ქართულ ოცნებასთან კოალიციას არ შექმნიან.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება. ყველა საარჩევნო სიახლეს განახლებად რეჟიმში თვალი ადევნეთ ტაბულას პორტალზე – არჩევნები 2020.

კომენტარები