არჩევნები 2020

კაპანაძე დეგნანზე: ერთპიროვნული მმართველობა სააკაშვილისა და ივანიშვილის მმართველობაა

ევროპული საქართველოს წევრი, სერგი კაპანაძე ტაბულასთან საუბარში საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადებას ეხმაურება, რომელშიც იგი სურვილს გამოთქვამს, საქართველოში დასრულდეს ინდივიდების პოლიტიკა. კაპანაძის თქმით, ერთი ადამიანის მმართველობა ერთპიროვნულ მმართველობას ნიშნავს და ეს ბიძინა ივანიშვილისა და მიხეილ სააკაშვილის მმართველობაა.

"ერთი ადამიანის მმართველობა - არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არის ეს ერთი ადამიანი - ერთპიროვნული მმართველობაა.

ჩვენთვის ერთპიროვნული მმართველობა არის ივანიშვილის ერთპიროვნული მმართველობა და არის სააკაშვილის ერთპიროვნული მმართველობა. ეს არ უნდა იყოს დაშვებული და განმეორებული". – თქვა სერგი კაპანაძემ.

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი საპარალამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე არჩევნების შესახებ საზოგადოებრივ საქმეთა ოფიცრის მოვალეობის შემსრულებელ კრისტოფერ ანდერსონს ესაუბრა.

"ვისურვებდი, დასრულდეს ინდივიდების პოლიტიკა, რომელიც ყოფს ქართულ საზოგადოებას და გზას უხსნის რუსეთსა და სხვა არაკეთილსინდისიერ აქტორებს, შექმნან დაპირისპირება და დათესონ დაბნეულობა ქვეყანაში". – თქვა აშშ-ს ელჩმა საქართველოში.

კომენტარები