ჩეჩნეთი

ჩეჩნეთში რუსეთის ეროვნული გვარდიის თანამშრომლებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება მოხდა

ჩეჩნეთში ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება მოხდა.

ჩეჩნეთში რუსეთის ეროვნული გვარდიის ორი ქვედანაყოფის, სპეციალური დანიშნულების მობილური რაზმისა და სწრაფი რეაგირების სპეციალური რაზმის შეიარაღებული წევრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ინფორმაცია, სამართალდამცველებზე დაყრდნობით, TACC-მა გაავრცელა. მედიის ინფორმაციით, დაიღუპა ეროვნული გვარდიის ერთერთი თანამშრომელი და ერთი სამოქალაქო პირი.  

შეიარაღებული დაპირისპირება გროზნოდან 35 კილომეტრის დაშორებით, სოფელ აჩხოი-მატოიში, კაფე სმაილთან მოხდა. მედიის ინფორმაციით, კაფეს მენეჯერმა ქუჩაში გაიყვანა და სცადა დაეწყნარებინა სპეციალური დანიშნულების მობილური რაზმის ორი წევრი, რომლებმაც კაფეში აურზაური ატეხეს. კაფეს მენეჯერმა დაურეკა სწრაფი რეაგირების სპეციალური რაზმის ნაცნობ წევრს, რომელიც იქ რამდენიმე თანამშრომელთან ერთად მივიდა, რის შემდეგაც დაიწყო სიტყვიერი შელაპარაკება და კონფლიქტის მონაწილეებმა ჯერ დანები ამოიღეს, შემდეგ კი სროლაც დაიწყეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროსა და რუსეთის ეროვნულ გვარდიას, ჯერჯერობით, მომხდართან დაკავშირებით ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ.

კომენტარები